weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ლელო“: ყვარელში, მოსახლეობასთან შეხვედრა „ოცნების“ მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა ჩაშალა

23:40 ოთხშაბათი, 29 ივნისი 2022

პარტია „ლელოს“ წევრები აცხადებენ, რომ ყვარელში, მოსახლეობასთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი შტაბის წევრები და საჯარო მოხელეები დაახვედრა, რომლებიც მათ დაუპირისპირდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს. როგორც „ლელოს“ ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ და ლევან სამუშიამ ბრიფინგზე თქვეს, შეხვედრის ჩაშლაში ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილეც მონაწილეობდნენ.

„დაგეგმილი გვქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან იმისთვის, რომ გაგვეცნო ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გზები და დაგვხვდა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, აგრესიულად განწყობილი ჯგუფი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ამ შეხვედრისთვის. მიზანმიმართულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით, აგრესიული, გამომწვევი ქცევით ცდილობდნენ, რომ ეს შეხვედრა არ შემდგარიყო“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია ყველა, ვინც პროვოკაციის მოწყობა სცადა.

„ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ შტაბის აქტიური წევრები. სამწუხაროდ, ასევე ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე. ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან ხელი შეუშალეს ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული თანხმობის იდეის სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ გვთავაზობს დაპირისპირებას, აგრესიას, თავდასხმას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, თავი შევიკავეთ, რადგან ეს პროვოკაცია სწორედ იმიტომ იყო ორგანიზებული, რომ ჩვენგან საპასუხო რეაქცია მიეღოთ, ეს აღებეჭდათ კადრებზე და გაევრცელებინათ, თითქოს ეს იყო დაპირისპირება მოსახლეობასთან.

ეს არის ქვეყანაში დაპირისპირების გაღრმავების მცდელობა, სამოქალაქო დაპირისპირების შექმნის მცდელობა, ეს იმართება ერთი ცენტრიდან, რომელსაც ქვია „ქართული ოცნება“, სხვაგვარად ამის ახსნა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ორგანიზებულად ყველანი „ქართული ოცნების“ შტაბიდან იყვნენ სწორედ იმ ადგილზე მობილიზებული, სადაც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი შეხვედრა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ლევან სამუშიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და გენერალურ პროკურორს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

„იქ იყო პოლიციის უფროსი და ასევე მითხრეს, რომ იქ იყო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის უფროსის მოადგილე. მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, რომ ჩემს Facebook-გვერდზე დევს მასალა, სადაც ჩანს, რომ ხეებს ამოფარებულ პოლიციელებს ვთხოვ, რომ გამოვიდნენ და თავისი უფლებამოსილება შეასრულონ... ეს არის უფლებამოსილების განზრახ არ შესრულება. ასევე, სახეზეა სისხლის სამართლის 156-ე მუხლი - დევნა, პირდაპირ მიმდინარეობდა პოლიტიკური პარტიის საქმიანობის განზრახ ხელშეშლა. ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია“, – განაცხადა სამუშიამ.

„ლელო“ იმ ადამიანების სიას და ფოტოსურათებსაც აქვეყნებს, ვინც ბადრი ჯაფარიძეს დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პარტიის პოლიტიკური მდივანი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ყველა პასუხს აგებს.

„ლელოს“ მიერ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრად და მელიორაციის სამსახურის თანამშრომლად იდენტიფიცირებული ერთ-ერთი პირი მედიასთან უარყოფდა, რომ შეხვედრაზე პარტიის მიერ იყო მიგზავნილი.

3 ივლისს დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მხარდამჭერები რეგიონებში შეხვედრებს მართავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]