weather cur horoscope tv
მარტი 04, 2024

კობახიძის თქმით, აშშ-ის ელჩმა დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

10:35 შაბათი, 09 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის წევრს შეურაცხყოფა მიაყენა და დიპლომატიური სტანდარტები დაარღვია, როდესაც თქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით იყო სავსე.

კობახიძის თქმით, ყაველაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატი და გამორჩეულად ღირსეული კაცია, რომელსაც აქვს უფლება, კითხვები დასვას.

„ამაში ჩვენ ვერ შევალთ - ფორმა სწორია თუ არასწორია, როცა არის დამოუკიდებელი დეპუტატი, მას აქვს უფლება. აქ პასუხზე უნდა გავამახვილო ყურადღება. ესეც რაღაც უხერხულობას შეიცავს ჩემთვის, რადგან მაინც მიწევს საჯარო პოლემიკაში შესვლა, მაგრამ მიშა ყაველაშვილი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრია წლების განმავლობაში, არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი. ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ.

როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს ძალიან სამწუხაროა. დღეს უკვე ვთქვი, რომ ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ, არგუმენტებით ხდება ეს ყველაფერი. კრიტიკას ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით, შეურაცხყოფასაც ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით. ამაზე როცა გვეუბნებიან, რომ ეს არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და ამ დროს ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს არის რბილად, რომ ვთქვათ დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი და მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში კოლეგიალობიდან გამომდინარეც და სახელმწიფო ინსტიტუტის ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი პოზიცია დავაფიქსირო“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კელი დეგნანის პასუხის შინაარს, ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც საუბარია არჩეული პარლამენტარის მიმართ გარკვეულ ბრალდებაზე, იქ არგუმენტებიც უნდა იყოს მოყვანილი.

„როცა საუბარია იმაზე, რომ დავუშვათ, არ მახსოვს ახლა დეტალები, მიშა ყაველაშვილი ციტირებს ეკა გიგაურს და მერე ამბობს, რომ იქნებ გამიჯნოდით ამას, როგორც მახსოვს ეს იყო წერილის შინაარსი. ანუ, რა არის ამაში ტყუილი, ხომ უნდა განიმარტოს? ეკა გიგაურის ციტატა იყო არასწორად მოყვანილი თუ გამიჯვნის თაობაზე რაღაც საკითხის დასმა არის ტყუილი, თუ რა არის, ხო? იგივე ეხება ლომჯარიას – ლომჯარია რომ ამბობს, რომ ჯობია, ქვეყანა იწვოდეს, ვიდრე სირცხვილი ვჭამოთ და სირცხვილის ჭამა რა იყო? სანქციებს რომ არ მივუერთდით, ხომ? თვითონ ამ შინაარსში ვერ შევალ, მაგრამ თავისთავად, ეს რომ შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, პარლამენტარს, პარლამენტის წევრს თან მიშა ყაველაშვილს, ამას ცალკე გავუსვამ ხაზს, რომ მართლა გამორჩეულად წესიერი, ღირსეული და პატიოსანი კაცია და ქვეყანა უყვარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ხაზგასასმელია;

ასეთ კაცს შეურაცხყოფა ისედაც არ ეკუთვნის და დიპლომატიური სტანდარტების დარღვევა მართლა ისეთი რამეა, რასაც სჭირდება ყველა პარლამენტარისგან რეაგირება და შინაარსიც არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩს 8 ივლისს ღია წერილით მიმართა. ვრცელ წერილში, რომელიც პარლამენტმა გამოაქვეყნა, ყაველაშვილი წერს, რომ ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“ სახელმძღვანელოებში, არამედ აშშ-ის მიერ დაფინანსებული თუ მასთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან ელჩის არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თქმით, საქართველოს ომში ჩართვის შესახებ ნარატივთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების ნარატივი „რაღაცნაირად ეხმაურება პარტიის წევრების ნარატივსაც“. კელი დეგნანმა იკითხა, რა არის ამ ყველაფრის მოტივი და რატომ გრძელდება ეს ნარატივი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]