weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„ქართული ოცნება“ ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დატოვა

11:02 ორშაბათი, 11 ივლისი 2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებიდან“ წასული სამი დეპუტატის მსგავსად, პარტიას ტოვებს. ის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკაში უერთდება და ამბობს, რომ კელი დეგნანმა „მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა“ პარლამენტის წევრს, რაც მისთვის „საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია“.

გიორგი ღამბაშიძემ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„ჩემი ქართული ოცნება ერთიანი, თავისუფალი და ამაყი, ევროპული ოჯახის წევრი საქართველოა, რომელსაც არ ეყოლება მითითების და დირექტივის გარედან მიმცემი, რომელსაც არ ეყოლება მჩაგვრელი, - დაბრუნებული ექნება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყანა, სადაც დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ქვეყანა, რომელსაც ეყოლება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები შტატებიდან დაწყებული, დამთავრებული დასავლური სამყაროს ყველაზე პატარა სახელმწიფოთი.

ამ ჩემს ქართულ ოცნებაში არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს მიშა ყაველაშვილს. პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია.

რატომ? მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით - აქ არაფერი არ მომხდარა?

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება საბჭოთა, რუსულ წარსულში და არასდროს შეეგუება, სიტუაციას, სადაც ცეკას მდივნები თუ ინსტრუქტორები, რუსეთიდან იძლეოდნენ დავალებებს. ოკუპაციის და ათასი უბედურების, ორასწლიანი ჩაგვრის გარდა, ამ დირექტივების გამოც არ უყვართ რუსეთი ამ ქვეყანაში.

ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ...!!!

ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო ჩემს, „ქართული ოცნების“ გუნდს, სადაც გულს და სულს ვტოვებ და ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით.

რაც მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, ხალხს აწუხებს ეს კითხვები! ამიტომ, მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის!

თუ კი ვინმეს, მუნიციპალიტეტებიდან, სურვილი აქვს შემომიერთდეს - მოხარული ვიქნები, თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების - ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა.

და ბოლოს, ნამდვილად მჯერა, რომ გუნდიდან გასვლით უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და თუნდაც იმავე „ქართული ოცნების“ გუნდს, რომლის წინააღმდეგ ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას. უბრალოდ, ფრაქციიდან გასული პარლამენტარების მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ველაპარაკოთ!“, – წერს გიორგი ღამბაშიძე, რომელიც საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც ტოვებს.

28 ივნისს, „ქართული ოცნების“ ფრაქცია და პარლამენტში დაკავებული თანამდებობები მმართველი პარტიის სამმა წევრმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვეს. როგორც მათ განმარტეს, პარტიის სხვა წევრებთან უთანხმოება ჰქონდათ იმაზე, თუ რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, მათ შორის, ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ამის შემდეგ დეპუტატებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე მიანიჭებენ, „თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“. მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს ღია წერილითაც მიმართა. მან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ელჩი ქართული ოპოზიციის ნაწილის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების და უკრაინელის პოლიტიკოსების განცხადებებს, მათ შორის, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას არ გაემიჯნა. მისი თქმით, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“ სახელმძღვანელოებში, არამედ აშშ-სგან დაფინანსებული თუ მასთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან ელჩის არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ.

„როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია“, – წერდა ყაველაშვილი.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის წერილი ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით იყო სავსე და ის ბოლომდე ვერ წაიკითხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]