weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დაადასტურა, რომ აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა

12:59 პარასკევი, 15 ივლისი 2022
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე / რადიო თავისუფლების ფოტო მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე / რადიო თავისუფლების ფოტო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც „ანგარიში მოთხოვა“ და უთხრა, რომ ამერიკაში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნილი იყო.

მოსამართლის განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (აშშ-ს იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი.

ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო, და არ მინდა, რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ“, – ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.

მოსამართლის თქმით, განცხადების გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება მოისმინა. ლაშა ჩხიკვაძის შეფასებით, ევროპარლამენტარი „პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე“.

„აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები, ანუ რომელიც მე თითქოსდა დავუშვი

როგორც ცნობილია, ბატონი გალერი გერმანელი პოლიტიკოსია და წლებია ევროპარლამენტის წევრია და უბრალოდ ჩემთვის საინტერესოა, საკუთარ ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში?

რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენიც და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პირადი და მით უფრო, პოლიტიკური ინტერესი არ გამაჩნია ბრალდებულების მიმართ, თუმცა, ჩემი შეფასებით,

ევროპარლამენტარ გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ჩემს კოლეგებზე, რომლებმაც უნდა განიხილონ საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება და რომელიც აუცილებლად გაძლიერდება. ამის პირადი გამოცდილება, სამწუხაროდ, გამაჩნია“, – ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.

მოსამართლე პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს – „თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე“.

 

ამ თემაზე:

ომბუდსმენი მიიჩნევს რომ განაჩენი დაუსაბუთებელია და პრეზიდენტმა გვარამია უნდა შეიწყალოს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]