weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე – ზურაბიშვილი

01:21 პარასკევი, 22 ივლისი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნება“ ანტიდასავლური რიტორიკის გამო გააკრიტიკა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა მმართველი გუნდი გაუთავებლად ესხმის თავს ევროპარლამენტარებს და ეკამათება აშშ-ის ელჩს, რუსეთის მიმართ დუმს. ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ არსად უნახავს პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტს სწერდეს, ევროპარლამენტს გაემიჯნოს.

„დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში. ეს არის გაგრძელება იმ ძალიან დიდი ნაბიჯის, რაც გადაიდგა ჩვენს მიმართ – ევროპულმა საბჭომ მოგვანიჭა ევროპული პერსპექტივა, რასაც არ ვაფასებთ იმ დონეზე, როგორც არის დასაფასებელი. ექვსი თვე გვაქვს მოცემული, ასე იყო ნათქვამი – თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, იმ კომიტეტის სწორედ, რომელიც საქართველოზე და საგარეო საკითხებზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელში და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ.

მე არ ვიცი, სადამდე უნდა გავაგრძელოთ ეს რაღაც ორმაგი თამაში, რომ ვითომც გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა ის, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია, გვინდა, რომ მივიღოთ, რაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს.

ამ დროს არათუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია – 12 პუნქტი. ჯერ არ ჩანს, რომ ყველა ძალები მზად იყვნენ ამისთვის, მაგრამ ამავე დროს არა თუ არ ვაკეთებთ ამას, საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ. ​დაწყებული შარლ მიშელის გადაგდებით, დოკუმენტის ანულირებით, ყოველი ნაბიჯი, რაც იქნა გადადგმული ერთი წლის მანძილზე – კრედიტზე უარის თქმა საკმაოდ უხეშად, სასამართლოს დაკომპლექტება ნაჩქარევი წესით, ინსპექტორის გაუქმება –ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნა ამ ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან. ამასთან ერთად არის წარმოუდგენელი რიტორიკა, ანუ გვესმის გაუთავებელი თავდასხმები ევროპარლამენტარებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის არა თავდასხმა, არამედ ფაქტებზე დაყრდნობით დასმული კითხვები.

„ეს არ არის თავდასხმა? მოცადეთ, წაგიკითხავთ: „ვიოლა ფონ კრამონი და შვიდი თუ რვა ევროპარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“. ეს არ არის თავდასხმა?! ეს არის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა?! ეს კრიტიკა არ არის, როცა ბრალდებაა, რომ კრიმინალების მფარველია. ეს კრიტიკაა?! შემდეგ – მდინარაძე, 9 ივნისი: „ათზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. მერე სხვები ამბობენ, არასოდეს გვითქვამსო.

გაუთავებლად, ამას ყველა ძალიან კარგად ხედავს, მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის იქ ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ომის თემა არის მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას.

„მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში და ვის ხვდებიან. მმართველი გუნდისგან აქტიური სამუშაო არ მინახავს ევროპარლამენტთან მმართველი გუნდის მიერ და არც ცალ-ცალკე სხვადასხვა დედაქალაქში არ მსმენია. ასე რომ, არ ვიცი, საიდან გაიგეს ეს.

თუ ვინმე იყო ჩასული და ევროპელებს შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ. თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე, მაქსიმალურად, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგია არც ერთი მოთხოვნა, რომ „ჩაერთეთ ომში“.

ეს არის სრულიად მოგონილი და სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას. ეს სხვაგან არ გამიგია, აშშ-ში და ევროპაში.

არ შეიძლება ვიყოთ, მგონი, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს. არ გამიგია არსად, 40-წლიანი დიპლომატიური გამოცდილება მქონდა. ასეთი წესები არ მინახავს.

არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს – ჯერ ერთი, ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არაფერი გესმის – კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს, როდესაც ისედაც გამიჯნულია, იმიტომ, რომ სხვა ტერმინოლოგია იხმარა და არ გადმოიტანა ყველას ის ტერმინი, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში იყო.

ევროკომისია არ მისცემს შენიშვნებს ევროპარლამენტს და არ გაემიჯნება მას. ეს უნდა იცოდნენ. ეს ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს, რასაც, მე მესმის, რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული. პოზიციების დაფიქსირება შეიძლება ერთი ერთზე – აგერ, ბაქოში იყო ურსულა ფონ დერ ლაიენი. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, რა უნდოდა თქმას, რომ ჩამოფრენილიყო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა ოპოზიციის პოზიციას, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ზიანის მიმყენებელ განცხადებებს „ქართული ოცნებიდან“ ცოტა ხნის წინ გასული სამი დეპუტატის სახელით ახმოვანებს, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს სამი დეპუტატი არსად გასულა.

„ამაში ორი აზრი არ არის. თვითონაც ამბობენ, ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ეს არის ფორმა, რითაც ჩვენ უფრო თავისუფლად ვსაუბრობთო. საინტერესოა, რომ მესიჯბოქსი არის ზუსტად იგივე. რაღაც არ გვანან დამოუკიდებელ ადამიანებს, იმიტომ, რომ მესიჯბოქსი, გინდაც მუნიციპალიტეტებიდან გასული და გინდაც პარლამენტიდან, ზუსტად ერთი და იგივეა – „ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება“ და ამით თავს იმართლებენ, რომ თვითონაც საკმაოდ უზრდელად ლაპარაკობენ. არ ვიცი, ვისი დავალებით ლაპარაკობენ, მაგრამ ისინი „ქართული ოცნებიდან“ გასული რომ არ არიან... თუ არა, მაშინ საჭირო იქნებოდა, მთავრობიდან, ან პარტიიდან ყოფილიყო მათი დაგმობა. მე რაც მახსოვს, ყველა ვინც გავიდა და „ქართული ოცნებიდან“ ერთი ნაბიჯი გადადგა, ყველა მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება? ღირსეული ადამიანები არიანო, დადებითი შეფასებებია და არანაირი დაგმობა არ არის მათი ექსტრემალური, უფრო რადიკალური განცხადებების. მე მგონი, ყველასთვის ნათელია სურათი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]