weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რატომ და რისთვის უნდა გადასცენ ოკუპირებული ბიჭვინთის აგარაკი რუსეთს – ბჟანიას განცხადება

13:05 პარასკევი, 22 ივლისი 2022

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკს, რომლის ფართობი 180 ჰექტარს აღემატება, რუსეთის ფედერაციას საკუთრებაში ვლადიმერ პუტინის რეზიდენციის მოსაწყობად გადასცემენ. როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა ობიექტს გადასცემენ არა ბიზნეს-სტრუქტურებს და შემთხვევით ადამიანებს, არამედ ხელმძღვანელს, რომელმაც, მისი აზრით, აფხაზეთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

ასლან ბჟანიამ სახელმწიფო აგარაკ „ბიჭვინთის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე ოჩამჩირეში ვიზიტის დროს ისაუბრა.

„ბოლო დღეებში ეს საკითხი ჩვენს საზოგადოებას აღელვებს. ყველა სხვადასხვანაირად უდგება შეთანხმებას, რომელიც ხელმოწერილი იქნა. არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შეთანხმების ხელმოწერა შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და არიან ისინიც, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ. არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ნამდვილი, სრული ინფორმაცია. არიან, სამწუხაროდ, ისინიც, ვისაც უნდათ მორიგი პრობლების შექმნა ან ამ საკითხის გამოყენება. ჩემი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ სიმართლე გითხრათ, აგიხსნათ, რატომ გადაიდგა ასეთი ნაბიჯები.

ეს ობიექტი რუსეთის ფედერაციას უსასყიდლო სარგებლობაში 1995 წელს გადაეცა. როგორც ცნობილია, 1995 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორის ელცინი იყო. დაახლოებით იმავე წლებში აფხაზეთი ბლოკადაში იმყოფებოდა, მათ შორის აფხაზეთს ბლოკავდა რუსეთის ფედერაცია. ასე მოხდა პრეზიდენტ ელცინის დროს. ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. 2000-იანი წლების დასაწყისში ბოლოკადა მოიხსნა, დაიწყო აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება. ვლადისლავ არძინბას არაერთხელ უთქვამს, რისთვის ხორციელდება პასპორტიზაცია და რას იძლევა ეს. ის მიიჩნევდა და მეც ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რომ მეორე, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება აფხაზეთის მოქალაქეებისთვის იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული, ნიშნავდა მისი დაცვის გარანტიებს. სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, რუსეთს მოუწევდა თავისი მოქალაქეებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა.

ამის შემდეგ იყო 2008 წელთან დაკავშირებული მოვლენები, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესი. თქვენ ძალიან კარგად იცით, რა როლი ითამაშა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ - იმ პერიოდში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და ვლადიმერ პუტინმა. თქვენ გახსოვთ მისი ჩასვლა ცხინვალში და ის საკითხები, რომლებიც იქ ოპერატიულად გადაწყდა.  

რაც შეეხება ამ სახელმწიფო აგარაკს: 2010 წლიდან 2020 წლამდე რუსეთის ფედერაციის მთავრობამ არაერთხელ მოგვმართა ოფიციალურად. არაერთხელ გვთხოვეს, რომ მათ საკუთრებაში გადავიდეს შენობები და ნაგებობები, რომლებიც დგას ამ სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ კარგად იცის ჩვენი კანონები, რომელთა მიხედვითაც, აფხაზეთის მიწა არ წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის ობიექტს. ის შეიძლება იყოს გაქირავებული ან სარგებლობაში გადაცემული.

ობიექტები, რომლებიც სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზეა აშენებული, თითქმის 60 წლისაა. მშენებლობა 1958 წელს დაიწყო და 1961 წელს დასრულა. ამის შემდეგ იქ არანაირი კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა.

შარშანწინ ამ სახელწმიფო აგარაკის ტერიტორიაზე ორი კვირა ვიცხოვრე, სადაც კარანტინში ვიმყოფებოდი პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრამდე. ფაქტობრივად, 60 წლის განმავლობაში, მისი დიდი ნაწილი გაფუჭდა. ამ ყველაფერს ნაწილობრივ კაპიტალური რემონტი სჭირდება და შესაძლოა დანგრევა და ახალს აშენებაც გახდეს საჭირო. ახლა უკვე ახალი ტექნოლოგიები და ახალი უსაფრთხოების პირობებია იმ პირებისთვის, რომლებიც დაცვის ქვეშ იმყოფებიან. შესაბამისად, იქ ასეთი სამუშაოს ჩატარება, რა თქმა უნდა, საჭიროა.

ვლადიმერ პუტინი ჩვენთან რამდენჯერმე იყო ჩამოსული – თუ არ მეეშლება, ხუთჯერ. ერთხელ სოხუმში, მეორედ მისი ჩამოსვლა ბაღაფშის გარდაცვალებასთან იყო დაკავშირებული, სამჯერ კი ჩამოსული იყო შეხვედრებზე, რომლებიც აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ამ აგარაკზე გამართა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ აგარაკის გამოყენება შეუძლია ყველას, ვისაც მოუნდება, ეს ასე არ არის.

1995 წელს, როდესაც ეს ობიექტი რუსეთის ფედერაციას უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცა, დაცული ტერიტორიის სტატუსი დაფიქსირდა და ის დღემდე ნარჩუნდება. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენი მთავარი სტუმარი ჩამოდის.

2020 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ეს საკითხი ჩვეულ, ტაქტიანი მანერით დაისვა:

„პატივცემულო ასლან გიორგის ძევ, ჩვენ აფხაზეთის ხელმძღვანელობას არერთხელ მივმართეთ, რომ ქონებრივი კომპლექსი - შენობები და ნაგებობები - საკუთრებაში გადმოგვეცეს. ჩვენ ვაპირებთ კაპიტალური რემონტის ჩატარებას იმისთვის, რომ ეს ობიექტი მუშაობდეს როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულფასოვანი რეზიდენცია“.

ამ შეხვედრის შემდეგ, ორ-სამ დღეში, მე შევკრიბე იმ დროისთვის მოქმედი პარლამენტის შემადგენლობა და ვაცნობე ამის შესახებ. რა თქმა უნდა, მე მათ ვუთხარი, რომ აფხაზური მხარე ამ საკითხის გადასაწყვეტად ყველაფერს გააკეთებდა.

ფაქტობრივად, ჩვენ რუსულ მხარეს გადავცემთ შენობებს და ნაგებობებს – და არა მიწას, როგორც ზოგიერთი ოპონენტი ამბობს – და ვფიქრობ, რომ ეს სწორია. ჩვენ ამ ობიექტს გადავცემთ არა ბიზნეს-სტრუქტურებს, არა შემთხვევით ადამიანებს, არამედ ხელმძღვანელს, რომელმაც, ჩემი აზრით, აფხაზეთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. სწორედ მისი მოსვლის შემდეგ შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულება აფხაზეთისადმი“, – ამბობს დე ფაქტო პრეზიდენტი.

ასლან ბჟანიას თქმით, არავინ აპირებს ობიექტის საზღვრების შეცვლას.

„მთელი ამ წლების განმავლობაში იქ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. ოპონენტები ამბობენ, რომ გაუგებარია, ვის გადაეცემა ეს ობიექტი. მინდა ამაზე ინფორმაცია მოგაწოდოთ: უსაფრთხოების ფედერალური სამსახური შედის სახელმწიფო გასამხედროებული ორგანიზაციების სიაში. ეს არ არის კომერციული სტრუქტურა და მინდა, რომ ეს იცოდეთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე გაჩაღებული დისკუსია ჩემს გაკვირვებას იწვევს.

როგორ ვმოქმედებდით ჩვენ: მთელი 2021 წელი შეთანხმებაზე ვმუშაობდით. 2021 წლის 27 აპრილს მისი პროექტი, რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტში გადაიგზავნა. არსებობს დოკუმეტი, რომელიც ადასტურებს, რომ პროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა. იმ დღის შემდეგ შეთანხმების პროექტი პარლამენტშია. არის კიდევ ერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ ეს დოკუმენტი დეპუტატებზე გაწერა და დაადო რეზოლუცია „შესწავლილ იქნეს და მომზადდეს წინადადება“.

2021 წლის განმავლობაში პარლამენტისგან ვერავითარი პასუხი ვერ მივიღეთ. პრაქტიკაში ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს შეთანხმებასთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს. ჩვენ აქედან ამოვედით. ამ წლის იანვარში შესაბამისი შეთანხმება იქნა ხელმოწერილი.

არსებული პრაქტიკით, ამ შეთანხმებამ უნდა გაიაროს რატიფიკაცია და მიიღოს პარლამენტის მხარდაჭერა. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის კომიტეტმა განიხილა შეთანხმება, შეისწავლა და პარლამენტის სესიის სხდომაზე მისი გატანის რეკომენდაცია გასცა. როდის იქნება გატანილი ეს საკითხი სესიაზე, არ ვიცი. აი, ის სამუშაო, რაც ჩატარდა.

მე მინდა იმათ საყურადღებოდ ვთქვა, ვისაც სრული ინფორმაცია არ აქვს: თქვენ გეუბნებიან, რომ ეს შეთანხმება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს ასეა, მზად ვართ, საკონსტიტუციო სასამართლოში განვიხილოთ. გარკვეული „პლუსებიც“ აქვს იმას, რომ ამ დოკუმენტს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ამბობს, რომ სახელმწიფო აგარაკის საკითხს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და გავლენას არ ახდენს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე. „პრეზიდენტები სხვა უფრო მასშტაბური საკითხებით არიან დაკავებულები. აგარაკებისთვის სცალიათ?“, – კითხულობენ ოპონენტები.

რა თქმა უნდა, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებს ხვდება, ბიჭვინთის აგარაკზე არ ფიქრობს, მაგრამ როცა აფხაზეთის პრეზიდენტთან შეხვედრა მზადდება, მას კი თანაშემწეები ამზადებენ, კარგად ახსოვთ არსებული დოკუმენტი, რომელსაც ხელი ჯერ კიდევ 2010 წელს მოაწერა თავად პუტინმა, და ამ აგარაკთან დაკავშირებული ურთიერთობები. პრემიერ-მინისტრობის დროს პუტინმა გასცა მითითება სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების მომზადებაზე. რა თქმა უნდა, მათ ყველაფერი კარგად ახსოვთ“, – განცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის დახმარებაზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ჯამში 30 შეხვედრა გაიმართა, რომელთა საერთო ხანგრძლივობა 50 საათი იყო და იქიდან 48 საათი ეთმობოდა იმას, თუ როგორ დაეხმაროს რუსეთი აფხაზეთს.

„დღის წესრიგში საერთოდ არ დგას ან ძალიან იშვიათად არის საკითხი, როგორ დავეხმაროთ რუსეთს. მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთი სწორედ ამ აგარაკთან დაკავშირებით მოგვმართავდა და, ზოგადად, ჩვენთან მიმართებაში სხვა საკითხები არც ყოფილა. და ჩვენ ამ თხოვნებზე არანაირი რეაგირება არ გვქონია.

არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ყოფილმა ელჩმა დვინიანინმა გამოუგზავნა აფხაზეთის ხელმძღვანელობას. ეს გასულ წელს მოხდა და წერილში წერია:

„რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში დაგროვდა ბევრი საკითხი – ქონებრივით დაწყებული პოლიტიკურით დამთავებული – რომლებიც რეაგირების გარეშეა დარჩენილი, რომელთაც გადაწყვეტას აფხაზური მხარე სხვადასხვა საბაბით არიდებს თავს. ამ მხრივ, საჭიროა ეფექტური ინსტრუმენტები, რათა დაჩქარდეს მუშაობა ყველა არსებული პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად. დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის გადაუჭრელი პრობლემები არ შეიძლება იყოს. ამ მხრივ, რუსეთის ცალკეული ლიდერების მიერ ფინანსური მექანიზმების ამოქმედება ყველაზე ეფექტურად არის აღიარებული მოსკოვში“.

მოდით, შევხედოთ, როგორ ლაგდებოდა ჩვენი ურთიერთობები. აქვს თუ არა აფხაზეთს რუსეთისგან მხარდაჭერა? თუ ასეა, რაში მდგომარეობს ის? როგორ შეასრულა რუსეთის ფედერაციამ თავისი, როგორც მოკავშირის ვალი აფხაზეთისა და აფხაზების წინაშე? შევეცდები მოვყვე: კულტურის სახლი, სადაც ვიმყოფებით და კარგ მდგომარეობაშია, რუსული ფულით აშენდა, რესტავრირებული და აშენებული სკოლების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების 99% რუსეთისგან უსასყიდლო დახმარების შედეგია. ჩვენი ერთადერთი უნივერსიტეტიც რუსეთის ფედერაციის ფულის წყალობით გარემონტდა. წყალმომარაგების საკითხი: დღეს სოფელ მოქვში წყალმიმღების მშენებლობაზე ვისაუბრეთ და ქალაქი ოჩამჩირე წყლით უზრუნველყოფილი იქნება. ესეც რუსეთის ფედერაციის ფულია. რესპუბლიკური მაგისტრალის განათება და მშენებლობა და კიდევ ბევრი რამ, რაც გაკეთდა ამ ტერიტორიაზე, რუსეთიდან შემოსული ფულის ხარჯზე გაკეთდა.

მიმაჩნია, რომ ეს წარმოადგენს ჩვენთან მიმართებაში მოკავშირული დამოკიდებულების ნათელ მტკიცებულებას. უფრო მეტიც, რაც ხდება სოციალურ სფეროში? გვეხმარებიან თუ არა მოკავშირეები ამ სფეროში? სოციალური სფერო კი ჯანდაცვაა, კულტურაა და ასე შემდეგ.

აფხაზური პენსია, სამწუხაროდ, 2000 რუბლს შეადგენს, რუსული კი 10 000-ზე მეტია. აფხაზეთში მცხოვრები აფხაზეთის 35 ათასი მოქალაქე რუსულ პენსიას იღებს. ესეც აფხაზეთის წინაშე მოკავშირული მოვალეობის გამოხატულებაა.

ახლა კი მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ არის გამოხატული ჩვენს მიმართ დამოკიდებულება სხვა სფეროებში. სახელმწიფო მოხელეთა, შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელფასების 99% - ეს ყველაფერი რუსეთის ფედერაციის დახმარებაა.

ალბათ შენიშნეთ, რომ შარშან და წელს შსს-ს საჭიროებისთვის 120 ერთეულზე მეტი მანქანა მივიღეთ. უბრალოდ გეუბნებით, რომ იცოდეთ. ჩემი მოვალეობაა სიმართლე ვთქვა და თქვენ გამოიტანეთ დასკვნები. არ ჩავერთვები აგიტაციაში და რაიმესკენ არ მოვუწოდებ. მე გემსახურებით თქვენ და თვენს ინტერესებს.

დაბოლოს, გეტყვით, რას ვფიქრობ ამ საკითხზე: პენსიებისა და საჯარო მოხელეების ხელფასებზე უკვე გელაპარაკეთ. ოჩამჩირეში სპორტული დარბაზი მუშაობს? მის გარშემო მუდმივად კონფლიქტები გვაქვს. ვისი ფულით აშენდა ის? საინვესტიციო თანხებით.

ძვირფასო მეგობრებო, კარგად გახსოვთ, რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რამდენი ადამიანი დაგვეღუპა საქართველოსთან საზღვარზე 2008 წლამდე, როგორ დათარეშობდნენ იქ პარტიზანები, მუშაობდნენ ქართული სპეცსამსახურები, რამდენი ტერორისტული თავდასხმა და დივერსია იყო გალის რაიონის ტერიტორიაზე. ომის შემდგომ პერიოდში იქ 400-მდე ჩვენი მოქალაქე დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ მოკავშირეთა მოვალეობის შესრულების ფარგლებში დაიღუპა რუსეთის 100-მდე მოქალაქე - სამშვიდობო. ეს ისტორიული ფაქტია და მინდა იცოდეთ ამის შესახებ“, – განაცხადა ბჟანიამ.

გუშინ, 21 ივლისს, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლო მიმართეს, აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების კონსტიტუციასთან შესაბამისობა შეისწავლოს.

საქართველოს ხელისუფლებას ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]