weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი პრაისს: ივანიშვილის ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება უპასუხოდ

18:02 პარასკევი, 22 ივლისი 2022

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისის მიმართავენ. ისინი ბიძინა ივანიშვილზეც წერენ და ამბობენ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა უპასუხოდ არ დარჩება.

მიმართვის ტექსტი დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ბიძინა ივანიშვილი იდგა ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის სათავეებთან და 2012 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოსცილდა ქვეყანას მოძალადე ხელისუფლება, რომლის ეპიზოდური წარმატება ცალკეულ სფეროებში, მუდმივ და სისტემურ ძალადობაზე და დანაშაულზე იყო დაფუძნებული. მისი და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობაც კი ქართულ საზოგადოებაში იწვევს აგრესიას მისი ლობისტების მიმართ.

ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში! დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ.

ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა!

არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია კეთდებოდეს საელჩოებში, ხელოვნურად ხდებოდეს არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება და სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს“, – ვკითხულობთ მიმართვაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა 20 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დროს, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნისკენ სწრაფვაში. ნედ პრაისმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს და თქვა, რომ დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.

მიმართვის ავტორები ფიქრობენ, რომ ნედ პრაისის განცხადება მათი მისამართით იყო გაკეთებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]