weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახები 100 - 100 ათას ლარს მიიღებენ

16:08 ორშაბათი, 01 აგვისტო 2022

„სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 000 ლარს, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე დაღუპული ექიმების ოჯახებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხზე განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე, გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია უკვე, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს, ასევე, დაღუპული ექიმების ოჯახებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ამ ტრაგედიამ“, – თქვა ღარიბაშვილმა.

29 ივლისს, გუდაურში, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რუსული წარმოების „მი 8“ ჩამოვარდა და აფეთქდა. შედეგად ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა: ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია, ეკიპაჟის წევრები დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი, ექიმები ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი, მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა.

ვერტმფრენის დახმარებით კლდოვან ფერდობაზე ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და ტურისტის სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. ტურისტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, დაიღუპა, ხოლო საქართველოს მოქალაქე პარაპლანისტის ამოყვანა მოხერხდა. ის სხვადასხვა დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს.

ივლისის თვეში გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნას ორი ტურისტი ემსხვერპლა. 29 ივლისს, ტრაგედიის ადგილზე ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „თითქმის კვირა არ გავა“ ისე, რომ პარაპლანის ჩამოვარდნის გამო სამაშველო ოპერაციის ჩატარება და ვერტმფრენის ჩართვა არ გახდეს საჭირო. ვახტანგ გომელაურის თქმით, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ან ფრენა საერთოდ აიკრძალოს.

„არ ვიცი, აქ რატომ ხდება ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა – ყველაფერი საინტერესოა და ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. ვიდრე ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანებით ფრენა“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გომელაურის თქმით, გამოძიება დაადგენს, რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს სავარაუდოდ კლდესთან შეხების შედეგად ე.წ. კუდის როტორი დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]