weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„დეპოლარიზაციისთვის სააკაშვილი პოლიტიკიდან უნდა გავიდეს და ივანიშვილი დაბრუნდეს“

11:38 ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2022
ფოტოზე - „მოქალაქეების“ წევრები ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ფოტოზე - „მოქალაქეების“ წევრები ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ოპოზიციური პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გასაღები დეპოლარიზაციის დასრულებაშია.

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო, სადაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა, არა ერთპიროვნულად, არამედ მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტორების ჩართულობითა და დისკუსიის საფუძველზე მოხდება. პოლიტიკურ პარტიებს შორის ოპონირება კი, არგუმენტების ურთიერთგაცვლასა და ფაქტებზე იქნება დამყარებული“, – აცხადებენ დეპუტატები.

მათივე თქმით, მსგავსი პოლიტიკური ტრადიციის დამკვიდრება ასევე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებას.

„აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, აუცილებლად მიგვაჩნია სამი ძირითადი ნაბიჯის გადადგმა:

1.განსაკუთრებული მნიშვნელობა დეპოლარიზაციისა და პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბების კუთხით, ენიჭება პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, სულ მცირე მეორე მოსმენით მიღებას. პირველი მოსმენით მიღებული, საკონსტიტუციო ცვლილებები, ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარებას, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებითაც.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საარჩევნო ბარიერის დაწევა, პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციისაკენ.

რამდენადაც მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა მაღალი ბარიერის პირობებში ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების სამართლიან წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში, აუცილებელია ორპარტიულობისა და პოლარიზაციის შემცირების მიზნით, ბარიერის დაწევა, რაც გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, საშუალებას მისცემს ახალ პოლიტიკურ პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში და გააჟღერონ საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის ხმა.

19 აპრილის შეთანხმება, ამბიციური საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის, არათუ 2%-იანი, არამედ ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერს დაწესებას ითვალისწინებს. პოლიტიკური პოლარიზაციის მაქსიმუმამდე შემცირების მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული დათქმის შესრულება, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერს დაწესება და შეთანხმებაში მოცემული პირობისათვის არა ერთჯერადი ხასიათის მიცემა.

  1. დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ასევე, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან. მის მიერ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველი პოლიტიკური ძალას კი გამოაცლის „მტრის ხატს“, რომელთან პოლემიკაც ორმხრივი სიძულვილის ენაზე აგებული. ამ დიქოტომიიდან თავის დაღწევის საშუალება, მხოლოდ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მიერ გადაწყვეტილების მიღებაა, რაც თავად „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მისცემს შესაძლებლობას ტრანსფორმირდეს თანამედროვე პოლიტიკურ ძალად. ამავე კონტექსტში ასევე, მნიშვნველოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები, არ გახდეს ქვეყნისათვის ისტორიული სირცხვილის გამეორების წინაპირობა.
  2. ბოლო დროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის.

პოლარიზაციის შემცირების კუთხით, რაც თავის თავში დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებასაც მოიცავს, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში.

იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია. საჭიროა, ყველა ფორმალური პოლიტიკური აქტორი, განსაკუთრებით ისეთი გავლენიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილია, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მან როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტმა, მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, აიღოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში“, – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

ერთობლივი განცხადება ალექსანდრე ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ჰერმან საბომ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა გაავრცელეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]