weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

კობახიძე ლომჯარიაზე: ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი

18:09 პარასკევი, 05 აგვისტო 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს სახალხო დამცველი „პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში“. ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებას ეხებოდა.

„ეს არის გაუგონარი განცხადება. როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს არის წარმოუდგენელი.

პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით, მან ეს კიდევ დაადასტურა“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტმა ჰკითხა, მოსწონს თუ არა რუსეთის მოქალაქეების პროვოკაციული განცხადებები და „შემზარავი კომენტარები“, რასაც ისინი, მაგალითად, „დედა ენის ბართან“ დაკავშირებით აკეთებენ.

„ასეთი ცალკეული შემთხვევები იქნება. მე ჩვენი სახალხო დამცველის განცხადებას არ მომწონს.  წარმოიდგინეთ, ადამიანს უკავია ამხელა დონის თანამდებობა და აკეთებს წარმოუდგენელ განცხადებებს და ვიღაც რიგითი რუსეთის მოქალაქე რომ ცუდად იქცევა, ეს აბსოლუტურად არ არის [გასაკვირი]. რა თქმა უნდა, ასეთი ინდივიდუალური შემთხვეევბი დასაგმობია, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება ქსენოფობიისა და შოვინიზმის საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ქსენოფობია გოიმობაა“.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის არსებობის შესახებ და თუ კობახიძე კონკრეტულ ფაქტებს ფლობს, შეუძლია სახალხო დამცველის აპარატს მიმართოს. ამასთან, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გასაკვირი არ არის.

„8 აგვისტო მოდის და არავის არ უნდა გაუკვირდეს... ამ ქვეყანაში, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მომმართველი პარტიიდან, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ან მომავალში იბრძოლებენ, როდესაც მათი სახელმწიფო ან ხელისუფლება დაუძახებთ. ეს ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა. ბუნებრივია უკმაყოფილება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადაიზარდოს არცერთ შემთხვევაში უკანონო ფორმებში და თუ ასეთ საშიშროებას დავინახავთ, მოვახდენთ რეაგირებას“, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, სახალხო დამცველის განცხადება ქსენოფობიურია და დასაგმობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]