weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კუბილიუსი და იუკნევიჩიენე: კრემლის მიზანი საქართველოს გეოპოლიტიკური ნების ოკუპაციაა

18:15 შაბათი, 06 აგვისტო 2022

ვეროპის სახალხო პარტიის წევრები, ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ 14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ჯარები საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით შემოიჭრნენ საქართველოში და შედეგად, ქვეყნის ტერიტორიის 20% დღემდე რუსეთის ოკუპაციაში რჩება.

„ეს იყო სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ პუტინის რუსეთის არაპროვოცირებული ომის პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას კრემლის ამ აგრესიულ ქცევაზე ნათელი და ადეკვატური რეაქცია არ ჰქონია. აქედან მოყოლებული, პუტინის რუსეთმა განაგრძო აგრესიული პოლიტიკა და 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში, მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია, ხოლო 8 წლის შემდეგ დაიწყო სრულმასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ“, – წერენ ევროპარლამენტარები.

კუბილიუსი და იუკნევიჩიენე ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. როგორც ისინი აცხადებენ, მტკიცედ უჭერენ მხარს საქარველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„წარსულის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება და წახალისება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, შიდაპოლიტიკური განხეთქილების დასაძლევად და დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მისაღწევად.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, მაგრამ კრემლის მთავარი მიზანია მოახდინოს საქართველოს გეოპოლიტიკური ნების სრული ოკუპაცია, რათა საქართველო აღარ ესწრაფვოდეს ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციას.

ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებებს და განცხადებებს, რაც ჩანს როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, ზიანი მიადგეს საქართველოს შესაძლებლობას მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში.

ერთადერთი გზა, რითიც საქართველოს შეუძლია თავი დაიცვას კრემლის ახალი ჰიბრიდული და სხვა ტიპის თავდასხმებისგან, არის ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ საქართველომ უახლოეს მომავალში შეასრულოს ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის მიერ დასახული 12 პირობა, დაწყებული დეპოლარიზაციით და დამთავრებული დეოლიგარქიზაციით.

ოლიგარქების გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიებზე კარგად ცნობილი მოვლენაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავისი განცხადებებით ცდილობს დარწმუნებას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ასეთი ოლიგარქი, მხოლოდ დამატებით მტკიცებულებას იძლევა იმისას, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებული გავლენის მქონე ოლიგარქია, რადგან მის დასაცავად გამოდიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალი დონის ქართველი ოფიციალური პირები, „ქართული ოცნების“ ლიდერები.

ევროპარლამენტი მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ელის კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებებს ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული პირობების შესასრულებლად და არა მხოლოდ ბავშვურ განცხადებებს, რომლებითაც ყველაფერში აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს ან ევროკავშირის ყოფილ წარმომადგენელს ადანაშაულებენ“, – ვკითხულობთ ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

ისინი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებენ, გააერთიანონ ძალისხმევა 12 პირობის სწრაფად შესასრულებლად: „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია კვლავ გახდეს მოწინავე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, თუ ამ მიზნის მისაღწევად უნისონში იმუშავებენ. ჩვენ გვჯერა საქართველოსი და მისი ხალხის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]