weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თუ არ გინდათ, რომ სააკაშვილი უკრაინას გადმოსცეთ, მაშინ გადაეცით მესამე ქვეყანას – პოდოლიაკი

14:14 ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022

„მიხეილ სააკაშვილი ისტორიულ ფიგურაა. ვხედავთ, რა პრეტენზიებიც აქვთ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ოპონენტებს. ამ დროს კარგად გვესმის, როგორც პრეზიდენტმა, რა სარგებელი მოუტანა საქართველოს. ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებული არაა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ თუ საქართველოს მთავრობა სააკაშვილს გაათავისუფლებს, ეს იქნება სწორი ნაბიჯი და ამით თავის ისტორიულ როლს შეასრულებს.

„თუ არ გინდათ, რომ ის უკრაინას გადმოსცეთ, მაშინ გადაეცით მესამე ქვეყანას, მაგალითად, ნიდერლანებს ან სხვა რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს.

ეს იქნება ჰუმანური დამოკიდებულება, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ისტორიის მიმართ, რადგან ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. საქართველო ახლა თავის ისტორიას წერს და მომავალში, ყველა ეს პროცესი ისტორიის სახელმძღვანელოში ჩაეწერება“, – თქვა პოდოლიაკმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, იგი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რაზეც სასამართლოში პროცესები ჯერ არ დასრულებულა.

დაკავების დღიდან მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, მისი მოთხოვნა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის ციხიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. მას შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა. დეკემბრის ბოლოს ის კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება. როგორც კლინიკაში აცხადებდნენ, საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მას ლაბორატორიული მონიტორინგი და სხვადასხვა კვლევა უტარდებოდა. ოჯახის წევრები სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას და მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]