weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გოგაშვილის თქმით, ციხეში ბიძინა ივანიშვილისაგან ოჯახის განადგურების მუქარა მიიღო

14:28 ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი, რომელიც რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახს განადგურებით დაემუქრა, თუ მისთვს სასურველ ჩვენებას არ მისცემდა.

გოგაშვილის განცხადება მის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

„კეთილი ფილანტროპი არა…? მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება.

შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისთვის ჩადება და მათი დაჭერა, „ოცნების“ ზონდერ მედიების შემოსევა“, – ნათქვამია გოგაშვილის განცხადებაში.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ „განხორციელებულ უკანონობებზე“ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს აკისრებს. გოგაშვილის თქმით, საკუთარ ოჯახთან ერთად „სამართლიანობისთვის ბრძოლას და მხილების კამპანიას“ გააგრძელებს.

„მივმართავ თხოვნით სახალო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას - დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი. ასევე მივმართავ ჩემს ნათესავებს, მეგობრებსა და მათ, ვისაც ჩემგან სიკეთე ახსოვს -დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი“, – აცხადებს გოგაშვილი.

ბიძინა ივანიშვილი იოსებ გოგაშვილის ამ განცხადებას ამ დროისთვის არ გამოხმაურებია.

იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს, 19 ივლისს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც პროკურატურა აცხადებს, გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სამსახურიდან გაიტანა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პირადი და პერსონალური მონაცემები და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ნაწილი ინფორმაცია გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, „რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე“.

გოგაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პერსონალური მონაცემების ხელყოფას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სოსო გოგაშვილს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ამ თემაზე:

გოგაშვილი ამბობს, რომ აფგან მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]