weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

„ამბასადორის“ შეუსაბამობაზე ჩანაწერი ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმიდან ამოიღო

18:41 ორშაბათი, 22 აგვისტო 2022

22 აგვისტოს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების (განაშენიანების) გეგმა დაამტკიცა, ოღონდ დოკუმენტიდან ამოიღო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე, 21 სართულიანი სასტუმრო ბულვარისთვის შეუსაბამოა.

საკრებულოს გადაწყვეტილებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრების თქმით, საკრებულომ კომპანია „ბაუ დიზაინის“ მიერ მიღებულ დოკუმენტში ცვლილება სასამართლოზე გავლენის მოხდენის მიზნით შეიტანა.

„ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დახლეჩილი იქნა გენგეგმა, რომელშიც ნახევარი მილიონი ლარი გადავიხადეთ და კონკრეტული ბიზნესმენების, ვიღაც ჩინოვნიკების კეთილგანწყობისთვის, რომ ადამიანებს არ მოსწონთ სიტყვა „შეუსაბამო“, დღეს ეს ამოიღეს.

ეს იმიტომ ხდება, რომ სასამართლო დავა მიდის და მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს ხელ-ფეხს უხსნიან, დააკანონოს „ამბასადორი“. ბათუმს თავზე გადაახიეს დადგენილება, რაშიც ამდენი ფულია დახარჯული“, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლაშა კილაბერიამ.

პარტია „ლელოდან“ საკრებულოს წევრის ვაჟა დარჩიას თქმით, „გენგეგმაში“ სიტყვა შეუსაბამოს არსებობა არ ნიშნავდა, რომ შენობა უნდა დაინგრეს ან დარჩეს. ეს იყო ინვესტორის ახირება, რომ დოკუმენტიდან ეს სიტყვა ამოღებული ყოფილიყო, რაც საკრებულომ დააკმაყოფილა“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თენგიზ აფხაზავას განმარტებით, „ამბასადორისთვის“ მიცემული ნებართვა სასამართლოშია გასაჩივრებული და შენობის ბედს არა საკრებულო, არამედ სასამართლო გადაწყვეტს: „სასამართლომ მისცა ნებართვა „ამბასადორს“, გაგრძელებულიყო მშენებლობა (იგულისხმება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, მშენებლობის შეჩერების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი. რედ). მიმდინარეობს დავა, რამდენად კანონიერად იყო გაცემული ეს ნებართვა. ანუ, ამტკიცებენ, რომ რადგან ამოვიღეთ სიტყვა შეუსაბამო, ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს რაღაცას ვკარნახობთ. რომ არ ამოგვეღო, მაშინ მეორე საწინააღმდეგო მიმართულებით ვუკარნახებდით რამეს სასამართლოს? ამიტომ სასამართლო რომ იყოს სრულად ნეიტრალური, შეფასების ამოღებით, ჩვენ მივიღეთ კარგი გადაწყვეტილება.

თუ სასამართლო გადაწყვეტს, მშენებლობა გაგრძელდება. თუ სასამართლო იტყვის, რომ ნებართვა არასწორადაა გაცემული, შენობა დაინგრევა.

საკრებულოს სხდომამდე გაგზავნილი იყო წერილი, რომ შემუშავების პროცესშივე ეს საკითხი მიღებული ყოფილიყო იმ ფორმით, რა გადაწყვეტილებაც დღეს საკრებულომ მივიღეთ, თუმცა ჯგუფმა, რომელსაც ტენდერი ჰქონდა მოგებული (შპს „ბაუ დიზაინი“), ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა“.

ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმიდან „ამბასადორის“ მშენებარე შენობის შეუსაბამობის შესახებ ჩანაწერი რომ ამოეღოთ, საკრებულოს ეს კომპანია შპს „ამბასადორმა ბათუმმა“ მოსთხოვა. საკრებულოს სხდომას კომპანიის წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა კომპანია „ბაუ დიზაინმა“ მოამზადა. „ბათუმის ბულვარის საპარკო არქიტექტურის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია მის გეგმარებაში ქალაქის ქუჩების გაგრძელება ფეხით სასიარული ბილიკების და გრძივი მოედნების სახით ზღვის მიმართულებით.

ამგვარ სივრცით და ვიზუალურ ღერძებზე არ უნდა განთავსდეს არანაირი ობიექტი, რომელიც კეტავს ხედს ბულვარის სიღრმეში, ზღვაზე და ახდენს ამ სივრცითი და ვიზუალური კორიდორების ბლოკირებას“, - ნათქვამია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაში.

ბათუმის ზღვისპირა ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. „ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა პირველად 2018 წელს მოიპოვა, რაც ოთხსართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა, რომელიც ამ ტერიტორიაზე მდგარი (ყოფილი საზღვაო პოლიკლინიკის) შენობის ისტორიულ, მხატვრულ-არქიტექტურულ მახასიათებლებს უნდა მორგებოდა. 2019 წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი შენობის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა, რასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტის გამო, არ დასთანხმდა. მოგვიანებით სააგენტომ გადაწყვეტილება შეცვალა და 2021 წლის იანვარში, კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი (აქედან 3 სართული მიწის ქვემოთ არის) სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მისცა არსებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით. იმავე წლის დეკემბერში გაცემული ნებართვით, 19-სართულიან პროექტს კიდევ ორი სართული დაემატა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და საზოგადოება „ბათომმა“ სამშენებლო ნებართვის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ერთი წლის წინ მიმართეს. 2021 წლის აპრილში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა „ამბასადორი ბათუმის“ მშენებლობის შეჩერების შესახებ, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რუსეთის მოქალაქეებს, ელგუჯა ქებურიას და ვართან ვართანოვს ეკუთვნით. ქებურიას საქართველოს მოქალაქეობაც აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]