weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გაეროს 50-ზე მეტი ქვეყნის უკრაინის მხარდაჭერ განცხადებას საქართველოც შეუერთდა

14:51 ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2022

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 50-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინაში რუსეთის „არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი და უკანონო“ ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე ერთობლივი განცხადება მიიღო.

„დღეს კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენს სოლიდარობას უკრაინელ ხალხს, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და გამოვთქვამთ ღრმა თანაგრძნობას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის მსხვერპლთა ოჯახების მიმართ.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, საცხოვრებელ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რამაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი და გადასახლება გამოიწვია“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩებიან. რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ყველა თავდასხმა და უკრაინის ტერიტორიიდან სრულად, უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის დასკვნით, რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის გაეროს წესდების დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხზე, არამედ მილიონობით ადამიანზე მთელს მსოფლიოში. აღნიშნული განცხადებით რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფა.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბაჰამის კუნძულები, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, კოლუმბია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, დომინიკელთა რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, სამხრეთ კორეა, რუმინეთი, სან მარინო, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, მიკრონეზიის ფედერალური შტატები, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი.

უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]