weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

პრემიერი ხანძრებზე: ვიცით რა ქვეყნის შიგნით ძალების ბუნება, დივერსია გამორიცხული არ არის

14:36 ორშაბათი, 29 აგვისტო 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში და ქვეყანაში სხვადასხვა ადგილზე გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დივერსია გამორიცხული არ არის. ამ კონტექსტში მან „ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები“ ახსენა.

„ჩვენ ყველანი ვართ ძალიან შეწუხებულები. ბოლო ათი დღეა, აქტიურად ვერბრძვით ხანძარს. პრაქტიკულად ყველა რეგიონში იყო ხანძარი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რაიონში, რამდენიმე რეგიონში, მაგრამ ბატონი გომელაურის უწყებამ [შსს] ძალიან ეფექტიანად მართა ეს კრიზისი...

ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ ხანძარი თავიდან გავრცელდა ბორჯომში, შემდეგ უკვე გადაედო სხვადასხვა სოფლებში, რაიონებში, მაგრამ თითქმის ყველგან არის ლოკალიზებული, ლიკვიდირებულია ხანძარი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქვეყნის მეგობარ სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკას და პირადად პრეზიდენტ ერდოღანს მადლობა გადავუხადო. როგორც კი მას გადასცეს ჩვენი თხოვნა - საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა თავის კოლეგას და გადასცა ჩემი თხოვნა დახმარების თაობაზე - მან იმავე წამს დავალება გასცა და სულ რაღაც ერთ საათში ჰაერში იყო გამოგზავნილი სამი თვითმფრინავი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ქართველები ამ დახმარებას არ დავივიწყებთ. მინდა მადლობა გადავუხადო მფრინავებს, ჩვენს საამაყო მაშველებს, პოლიციელებს, ჯარს და ყველას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა იმის განცდა, რომ შესაძლოა ეს [ხანძარი] ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, შეიძლება ზოგადად, ძალიან დიდი სიცხით იყო გამოწვეული. არის ვერსიები, რომ შესაძლოა იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერია გამორიცხული. გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს.

ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან ვიცით რა ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი ეს დივერსიული, ასე ვთქვათ, მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული. ამიტომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს და ყველა ვერსიაზე გასცეს ამომწურავი პასუხი. ვიცი, რომ ასეც იქნება.

აქვე მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, უფრო მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ ასეთ ვითარებაში - უკვე პრაქტიკულად რამდენიმე კვირაა არც წვიმა მოსულა და ძალიან რთული ვითარებაა. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხანძრები მთელს ევროპაშია მოდებული, ამერიკაშიც და ყველგან და ეს დიდი გამოწვევაა. ასე რომ, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ასეთ საკითხებს“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ათი დღის წინ გაჩენილი ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებული ჯერ არ არის. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება და უწყვეტი სამუშაოები ხანძრის ლიკვიდაციისთვის.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქვაბისხევისა და ზორეთის მიმდებარედ ტყეში ხანძარი ერთი კვირის წინ, 19 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი მრავალწლიან ფოთლოვან და წიწვოვან ხეებს მოედო. ხანძრის ქრობას კლდოვანი რელიეფი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და პერიოდულად ამოვარდნილი ძლიერი ქარი უშლიდა ხელს. 22 აგვისტოდან სამუშაოებში ოთხი ვერტმფრენი, 300 მეხანძრე-მაშველი, ამდენივე პოლიციელი და ჯარი მონაწილეობდა, 24 აგვისტოდან კი პროცესში თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო.

ბორჯომში ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. ერთი ვერსიით, ის მეხის დაცემამ გააჩინა. მეორე ვერსიით, შესაძლოა, მონადირეების მიერ დანთებული კოცონიდან გაჩნდა.

ტყის ხანძრები საქართველოში ხშირად ხდება, თუმცა ინტერნეტში არ იძებნება ინფორმაცია, პოლიციას რომელიმე შემთხვევაზე, გამოძიების შედეგად, ვინმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჰყავდეს მიცემული. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მათ დაქვემდებარებულ ტყის ფონდში 2007-2021 წლებში ხანძრის 617 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელმაც საერთო ჯამში 7 244 ჰექტარი ტყე მოიცვა. ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2020 წელს არის აღრიცხული, ყველაზე დიდი ფართობი კი 2017 (1299.9 ჰა) და 2008 წლებში (1277.5 ჰა) დაიწვა. 2008 წელს, სამცხე-ჯავახეთში - წაღვერში, ბორჯომსა და ჩარხლისწყალთან, ხანძარმა 15 აგვისტო - 8 სექტემბრის პერიოდში, 950 ჰექტარი ტყე გაანადგურა. ცეცხლი რუსულმა მხარემ გააჩინა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ტყის ხანძარი იყო 2017 წლის 20-31 აგვისტოს პერიოდშიც. ცეცხლი სოფელ დაბასთან გაჩნდა. ხანძარი 943 ჰექტარზე გავრცელდა, საიდანაც 706 ჰექტარი 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორიაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]