weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აფხაზი ქალები რუსეთის ელჩს: აფხაზეთის მიწა არ იყიდება, არ სხვისდება

11:51 ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2022
ლარისა ტარბა ლარისა ტარბა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩს, მიხაილ შურგალინს აფხაზმა ქალებმა განუცხადეს, რომ აფხაზეთის მიწები არ იყიდება და საზოგადოების უმეტესი ნაწილი რუსეთისთვის ბიჭვინთა-მიუსერას ნაკრძალის ტერიტორიების და სახელმწიფო აგარაკის გადაცემის წინააღმდეგია.

შეხვედრის ინიციატორები ქალები იყვნენ. მათ ელჩთან საუბრის დეტალების შესახებ 30 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ლარისა ტარბას თქმით, შურგალინი მათ დაპირდა, რომ ხალხის აზრს რუსეთის პრეზიდენტს და ხელისუფლებას გააცნობს.

„ჩვენ მას ავუხსენით, რომ აფხაზეთის მიწა არ იყიდება, არ სხვისდება. ყველაზე მთავარი, რაც აფხაზეთში რუსეთის ელჩამდე მივიტანეთ, არის ის, რომ რომ ჩვენი ხალხის განწყობა სულაც არ არის ისეთი, როგორიც მას წარმოედგინა.

მე იმით დავიწყე, რომ ხშირად მაქვს ურთიერთობა ვეტერანებთან და შემიძლია ზუსტად ვთქვა, რომ დღეს მათი 80-90% უძრავი ქონების გაყიდვისა და გასხვისების წინააღმდეგია. მან გვითხრა, რომ ესაუბრა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და უშიშრების საბჭოს და მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, ეთანხმებიან ამ დოკუმენტს. მათი თქმით, ხალხი უბრალოდ მსჯელობს, თუმცა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ ხალხისგან ვიყავით მისულები და ვუთხარით, რომ იქნება არეულობა, ხალხი ძირითადად ეწინააღმდეგება გასხვისებას. მან გვითხრა: შეთანხმების გაუქმების უფლება არ მაქვს და ამას ვერ შევძლებ, მაგრამ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინამდე და რუსეთის ხელისუფლებამდე მივიტან ხალხის უმეტესობის აზრს. ყველაფერი დამოკიდებულია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე. აი, ასე გვითხრა - თქვენი პარლამენტი როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. პირადად მე მიმაჩნია და ასე ფიქრობს ყველა, ვისაც ვესაუბრები, რომ ეს შეთანხმება უკან გამოსახმობია“, – განაცხადა ლარისა ტარბამ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ბიჭვინთის საკითხის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული აფხაზეთში რუსეთის მიერ დაგეგმილი ორი ათეული პროექტის განხორციელება. ჟურნალისტ იზიდა ჭანიას განცხადებით, ელჩის საუბარში შანტაჯის ელემენტები იყო.

„კონკრეტულად მხოლოდ ორი პროექტი დაასახელა: რკინიგზის პროექტი და აეროპორტის პროექტი. ბიჭვინთის აგარაკის საკითხი მან პირდაპირ დაუკავშირა იმ საკითხებს, რომლებზეც გადაწყვეტილება ასევე პარლამენტმა უნდა მიიღოს - ეს არის მიწასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები.

ელჩმა ილუზიებისთვის ადგილი არ დაგვიტოვა. თქვა, რომ ეს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის ინტერესია. რუსეთის ინტერესი საკუთრებაში მიიღოს ბიჭვინთის აგარაკი, ჩემი აზრით, ძალიან არადამაჯერებელი არგუმენტით დაასაბუთა, რომ პუტინს ბიჭვინთის აგარაკზე შეხვედრების გამართვა სურს, მაგრამ არა როგორც აფხაზეთის, არამედ როგორც რუსეთის ტერიტორიაზე. ელჩის ციტირებასაც მოვახდენ: „პუტინს სჭირდება ბიჭვინთა“.

მინდა ვთქვა, რომ ელჩის საუბარში იყო შანტაჟის ელემენტები. მან რამდენჯერმე გვკითხა, როგორი იქნება ჩვენი რეაქცია, რომ თუ პარლამენტი შეთანხმების რატიფიცირებას არ მოახდენს, დაცვის ფედერალური სამსახური ბიჭვინთას დატოვებს. შემდეგ მან ისაუბრა რუსეთის სამხედრო ბაზაზე. შესაძლოა რუსეთის ჯარებმაც დატოვონ აფხაზეთი. გასაგებად გვითხრა, რომ დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები არ განხორციელდება, თუ პარლამენტი არ მიიღებს რატიფიცირების შესახებ კანონპროექტს და უცხოელებზე უძრავი ქონების და მიწის გაყიდვასთან დაკავშირებულ კანონებს. მან გვკითხა, როგორი რეაქცია გვექნება, თუ რუსულ პენსიებს ვეღარ მივიღებთ“, – თქვა იზიდა ჭანიამ.

პოლიტიკური პარტია „აფსნის“ წარმომადგენელმა, ნაირა ამალიამ განაცხადა, რომ აფხაზებს ერთადერთი ინტერესი აქვთ - „მომავალი თაობებისთვის მიწა შეინარჩუნონ“.

„შეთანხმება ნახევარი წლის განმავლობაში დამალული იყო და ჩვენი რეაქცია სწორედ ამით არის გამართლებული.

ელჩი გვეუბნებოდა - ნითუ არ გჭირდებათ აეროპორტი, რკინიგზა... როგორ არ გვჭიდება აეროპორტი, აეროპორტის ქონა ბედნიერება იქნება, მაგრამ გვინდა, რომ მიწა, საიდანაც თვითმფრინავი აფრინდება, ჩვენი დარჩეს.

იქამდეც კი მივედით, რომ აფხაზ ქურუმებზე ვილაპარაკეთ და ვთქვით, რომ ბიჭვინთასთან ძალის ადგილია. ძალიან დაინტერესდა, ვინ არიან ქურუმები და რა არის „ძალის ადგილი“. მან ესეც არ იცის. ვისაუბრეთ აიბღაზეც. თუ რუსეთი პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით და ა.შ. ცდილობს თავისი საზღვრების შენარჩუნებას, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეა, ჩვენც გვაქვს ასეთივე კანონები, რატომ არ მოქმედებენ ისინი“, – აღნიშნა ნაირა ამალიამ.

დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხს განიხილავს. 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთისთვის აგარაკის კომპლექსის უსასყიდლოდ, ხოლო მიწის და ზღვის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემას. მხოლოდ აგარაკის ფართობი 180 ჰექტარს აღემატება. ე.წ. შეთანხმების ძალაში შესვლისთვის დე ფაქტო პარლამენტის მხრიდან მისი რატიფიცირებაა საჭირო, რასაც პარლამენტი არ თანხმდება. ცოტა ხნის წინ ე.წ. პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და „კონსტიტუციასთან“ დოკუმენტის შესაბამისობის შემოწმება მოითხოვა. ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ „ხარვეზების გამო“მიმართვა არ განიხილა და 3 აგვისტოს პარლამენტს უკან დაუბრუნა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთი ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას უკვე 12 წელია ითხოვს. როგორც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, ქონება უნდა გადასცენ არა ბიზნეს-სტრუქტურებს და შემთხვევით ადამიანებს, არამედ ხელმძღვანელს, რომელმაც, მისი აზრით, აფხაზეთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]