weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2022

სანქციების უკრაინულ პორტალზე ივანიშვილის, ვასაძის, ხიდაშელის და სხვების სია გამოქვეყნდა

23:25 ორშაბათი, 05 სექტემბერი 2022

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ პორტალზე „ომი და სანქციები“ საქართველოს 12 მოქალაქის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მონაცემები დაემატა. პორტალზე ქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკვე დაექვემდებარნენ სანქციებს და რომლებიც სანქცირების კანდიდატები არიან.

კორუფციის პრევენციის სააგენტოს ინფორმაციით, პორტალის „ომი და სანქციები“ მთავარი მიზანია უცხო ქვეყნის მთავრობებისა და მოქალაქეების ინფორმირება უკვე დაწესებული სანქციების შესახებ და სანქციების სიების გაფართოების მიზნით გლობალურ კამპანიაში საზოგადოების ჩართვა. სანქცირების კანდიდატები არიან ისინი, ვინც ომს ფინანსურ და საინფორმაციო დახმარებას უწვევენ.

პორტალზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც „ე.წ. საქართველოს არაფორმალური მმართველი, რომელიც საქართველოს მთავრობას აკონტროლებს“.

„სხვადასხვა დროს სასამართლოში მისი ინტერესების ოფიციალურ წარმომადგენლებად მოხსენიებულნი არიან ირაკლი ღარიბაშვილი (მოქმედი პრემიერ-მინისტრი), ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი), გიორგი ბაჩიაშვილი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე) და საქართველოს სხვა თანამდებობის პირები. აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან, ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში, აქვს ბიზნეს ინტერესები გეორგი პოლტავჩენკოსთან - 2011 წლის 31 აგვისტოდან 2018 წლის 3 ოქტომბრამდე სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორთან, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება და ანნა კუვიჩკოსთან - რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთან 2016 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 12 ოქტომბრამდე და რეჟიმთან, რომელმაც მოამზადა და გაეროს ნორმატიული დოკუმენტების საწინააღმდეგოდ, ახორციელებს დაპყრობით ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ხდება უკრაინელი ხალხის გენოციდი. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, – წერია პორტალზე.

სიაში ასევე მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი ქეთევან ხარაიძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და ნდობით აღჭურვილი პირი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტიტე მამაცაშვილი, ივანიშვილის ბიზნესპარტნიორები ირაკლი რუხაძე და ივანე ჩხარტიშვილი, 1998-2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ძმა, სულხან პაპაშვილი, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე.

უკრაინულ პორტალზე ბიზნესმენ ლევან ვასაძის სანქცირებასაც ითხოვენ. ის მოხსენიებულია როგორც ქართველი და რუსი ბიზნესმენი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ალექსანდრე დუგინთან, კრემლის იდეოლოგთან და პროპაგანდისტთან.

„ლევან ვასაძე ასევე არის რუსეთში შინაური ცხოველების მაღაზიების უმსხვილესი ოპერატორის „ბეთჰოვენის“ (შპს „PET RETAIL“ (ს/კ7726650932) თანადამფუძნებელი, რომელიც ახორციელებს კომერციულ საქმიანობას ეკონომიკის სექტორებში, რაც უზრუნველყოფს რუსეთის ბიუჯეტის მაღალ შემოსავლიან ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინის ომზე. 2021 წელს კომპანიის შემოსავალმა 6.4 მილიარდი რუბლი შეადგინა, წმინდა მოგება 27.3 მილიონი რუბლი იყო, ანუ ომის წარმოებისთვის მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენს. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, – ვკითხულობთ ლევან ვასაძესთან დაკავშირებით.

სანქციების რისკის ქვეშ მყოფ პირებს შორის მოხვდა ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც, რომელსაც საქართველოს მთავრობამ რაჭასა და ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადასცა. მისი დასანქცირების საფუძვლად მითითებულია:

„ბიზნესმენი დავით ხიდაშელი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორს... გარდა ამისა, ის შუამავლის, ქართლოს ედილაშვილის მეშვეობით მართავს ბერძნულ კომპანიას, სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და გადაწყვეტების გლობალურ მიმწოდებელ INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ს, შპს INTRACOM SVYAZ-ის დამფუძნებელს (ს/კ7703350629), რომელიც ახორციელებს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მიწოდებას, რითიც რუსეთის ბიუჯეტის მაღალ შემოსავლიან ნაწილს უზრუნველყოფს. კომპანიის შემოსავალმა 2021 წელს 2 მილიარდი რუბლი შეადგინა. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“.

საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას „აბსურდული თემა“ უწოდა და კომენტარი გაკეთება „არარელევანტურად’ მიიჩნია.

„ჩვენ მანამდეც გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების განცხადებები ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ ახალი არაფერია. მათი ერთ-ერთი ლიდერი, იგივე [დავით] არახამია გამოდიოდა პირდაპირ ამ მოთხოვნით. სიახლე ამაში არაფერია.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, საიდან, რა, როგორ ხდება, მაგრამ არც ამაზე გვსურს საუბარი. ზოგადად, ამ თემაზეც არ გვინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება, რადგან აბსურდია თავისი შინაარსით“, – განაცხადა კობახიძემ.

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმაც თქვა, რომ მის მიმართ „ტყუილი ბრალდებებია“ წაყენებული: „ალბათ ახალი ზღაპრებია. პროვოკაციებს და აფერისტობას აქვს ადგილი. ერთი მიზეზი მაინც დაასახელონ. მეც რომ დავიწყო თქვენზე ტყუილი​ ბრალდებები და თქვენ კანონს ძალით ვერ გამაჩეროთ, ან საქვეყნოდ დამსაჯოთ, ის მისაღებია? კანონი ვერ მიგიღიათ თავის დასაცავი, სხვა რამეზე შეიძლება ლაპარაკი?!“.

პორტალზე აღნიშნულია, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია მოგროვებულია საჯაროდ თავისუფლად ხელმისაწვდომი ღია წყაროებიდან და წაიშლება, თუ სუბიექტი სანქციების კანდიდატების სიიდან/შესაბამისი იურისდიქციების სანქციების სიიდან გამოირიცხება. ამასთან, პორტალის მეშვეობით, ყველას შეუძლია მოითხოვოს სანქციების დაწესება მათ წინააღმდეგ, „ვინც ამას იმსახურებს“. საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ელ.ფოსტით გაგზავნილ ინფორმაციას სანქციების სიებში შეყვანაზე პასუხისმგებელ პირებს გადასცემენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]