weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლაგოდეხის მერობის კანდიდატი თორნიკე მაჭარაშვილი სასამართლომ გაათავისუფლა

13:56 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატი თორნიკე მაჭარაშვილი და პარტიის სხვა წევრები, რომლებიც თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე 11 ოქტომბერს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს, მტკიცებულებების არარსებობის გამო სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლემ პოლიციელებს 17 ოქტომბრამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დამადასტურებელი მასალის წარდგენა მოსთხოვა.

„თბილისი ყველასია და მე დაანონსებული მქონდა ამ აქციაზე ჩასვლა. მათ ჰქონდათ ინფორმაცია ჩემი იქ ყოფნის შესახებ. მოულოდნელად, გაურკვეველ სიტუაციაში, ჩემთვის მშვიდად ვიდექი, მოვიდა რამდენიმე ადამიანი და ჩამითრიეს. მაქვს სისხლჩაქცევები, რაც სამედიცინო შემოწმების დოკუმენტებშიც დაფიქსირებულია“, - განაცხადა თორნიკე მაჭარაშვილმა.

კიდევ ერთი დაკავებული, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მიხეილ კაკაურიძე ამბობს, რომ დაკავებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა.

11 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები თბილისის საკრებულოსთან შეიკრიბნენ საკრებულოს სხდომაზე დასწრების მოთხოვნით, სადაც თაბორის მთაზე და პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად გასხვისების საკითხი განიხილებოდა. პარტიების წარმომადგენელების განცხადებით, ტერიტორიის შეძენა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს სურს და მასზე „პანორამა თბილისის“ ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მხოლოდ საკრებულოს წევრებს, აპარატის თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგენლებს მიეცათ. ალიბეგაშვილის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი „პროვოკაციების და არეულობების“ თავიდან აცილება იყო.

თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი გამოეხმაურა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წინმსწრებად, რაიმე სავარაუდო სამომავლო საფრთხეზე მითითებით სხდომის ყველასათვის დახურვა დაუშვებელია.

„თუ სხდომაზე რომელიმე დამსწრე პირი დაარღვევს კანონის მოთხოვნებს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მის მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს კანონით გათვალისწინებული ზომები. თუმცა, რაიმე ჰიპოთეტურ საფრთხეზე მითითებით საკრებულოს სხდომის საჯაროობის შეზღუდვა გაუმართლებელია. კანონის მიხედვით, საკრებულოს სხდომა საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ მასზე დასწრების უფლება“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციელების მიერ პარლამენტის წევრებისა და სხვა დაინტერესებულ პირების საკრებულოს შენობაში არშეშვება კანონის უხეში დარღვევაა.

თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთნ დაკავშირებული კომპანიებისთვის თავისუფლების მოედანზე 1 900 კვ.მ-ის და თაბორის მთაზე 4 433 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთების გადაცემას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 14 ოქტომბერს აქციის გამართვა დაანონსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]