weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არასამთავრობოებმა თიანეთის საოლქო კომისიის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართეს

17:16 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, თიანეთის საოლქო და N20 საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედებებით დაინტერესდნენ და გამოძიება დაიწყონ.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მას შემდეგ, რაც სასამართლომ ბათილად ცნო თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ორი განკარგულება, გამოძიების საგანი უნდა გახდეს კომისიის წევრთა მოქმედებების კანონიერება და საკითხი - ჰქონდა თუ არა მათი მხრიდან ადგილი დანაშაულებრივ ქმედებას.

2017 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის N19 საოლქო საარჩევნო კომისიის N16 და N17 განკარგულებები.

სასამართლომ დაადგინა, რომ თიანეთის ოლქმა განკარგულებების გამოცემისას დაარღვია როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, აგრეთვე საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები -  განცხადება/საჩივრის წარდგენის წესისა და აქტის გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევასთან დაკავშირებით.

აღნიშნული განკარგულებებით, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთ შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება, გაეხსნა N20 უბნიდან შემოსული პაკეტები და გადაეთვალა ბათილი საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო მეორე შემთხვევაში კი, შეეცვალა N20 საარჩევნო უბნის კეჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები, რამაც შედეგებისახელისუფლო კანდიდატის სასარგებლოდ შეცვალა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ დაადგინა, რომ (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი და სასამართლოს გადაწყვეტილება) N20 საუბნო კომისიის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში არ არის ასახული კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე, ჩანაწერთა წიგნში არ არის დაფიქსირებული განსხვავებული აზრი ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებიდან გამოიკვეთა, რომ კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების შესახებ და 24 ბათილად ცნობილი ბიულეტენიდან ნაწილ მათგანში არცერთი კანდიდატი არ იყო შემოხაზული მაშინ, როდესაც ოლქში ბათილი ბიულეტენების გადათვლისას გამოიკვეთა, რომ 24-დან 5 მათგანი სავარაუდოდ იყო შეცვლილი, რადგან ხუთივეზე ფიქსირდებოდა ამომრჩევლის ნება.

რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების ხელახლა დათვლის პროცესში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობას, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი არ ყოფილან მოწვეულები. ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრსაც არ ეძლეოდა საშუალება დასწრებოდა სხდომას, ვინაიდან ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში არავის აძლევდა კომისიაში შესვლის უფლებას. თამაზ მეჭიაურის წარმომადგენლის განცხადებით, „ბათილი ბიულეტენების კონვერტი მათთვის წესის დაცვით არ უჩვენებიათ და გამოთქვა ეჭვი, რომ შესაბამისი წესით არც იყო დალუქული“.

მიგვაჩნია რომ ზემოაღნიშნული ფაქტი სავარაუდოდ შეიცავს, როგორც დისციპლინური გადაცდომის, აგრეთვე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ შეისწავლონ ზემოაღნიშნული ფაქტი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“.

შეგახსენებთ, თიანეთში მერის არჩევნები თამაზ მეჭიაურმა 1 ხმით მოუგო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს. მეჭიაურს 3077 ხმა აქვს, ქიტესაშვილს 3076.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]