weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა

11:00 სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017

კიევის პეჩერის რაონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო დარბაზში აპლოდისმენტებით შეხვდნენ, მოსამართლე ლარისა ცოკოლმა გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის საქმეს სასამართლო 11 დეკემბერს, თითქმის მთელი დღის განმავლობაში განიხილავდა. სასამართლო სხდომას ესწრებოდა სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, ასევე, უკრაინის ოპოზიციური ძალების ლიდერები, მათ შორის უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. უკრაინის უმაღლესი რადას 10 დეპუტატი სასამართლოს წინაშე მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგა. 

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. 

„ერღვევათ სისტემა. ამათთვის [უკრაინის ხელისუფლებისთვის] ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი. შიძლება სახურავიდანაც მომეწყო მიტინგები, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. უნდა ვიმოძრაოთ ქვეყანაში, უნდა ვიმუშაოთ. მოსამართლემ, მიუხედავად ზეწოლისა პირადად პრეზიდენტისგან, მიიღო სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება. დღეს მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი იყო აქ. აქ იყო უკრაინის მომავალი პრეზიდენტი, მომავალი მინისტრები და ა.შ. ყველა დაგვიდგა გვერდზე. გუშინ ჩემი და საკუთარი თავის მხარდასაჭერად შეიკრიბა ათეული ათასი ადამიანი. ეს კარგი შანსია მოვახდინოთ ამ ხალხის კონსოლიდაცია და გავიმარჯვოთ. უკრაინაში ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ იმისათვის, რომ საქართველო დარჩეს გამარჯვებული“, - განაცხადა სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბარში. 

პეჩერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 14 დეკემბერს გამოცხადდება, რის შემდეგაც 5 დღის ვადაში პროკურატურას მისი გასაჩივრების საშუალება ექნება. 

უკრაინელმა სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი პირველად 5 დეკემბერს, კიევში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, თუმცა ის რამდენიმე საათში მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს, რომლებმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიკროავტობუსს დაკავებულის გადაყვანის საშუალება არ მისცეს. 

მეორედ მიხეილ სააკაშვილი 8 დეკემბერს დააკავეს და უშიშროების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს რუსეთში გაქცეული, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან დაახლოებული ბიზნესმენი, სერგეი კურჩენკო აფინანსებდა. გენპროკურორის მტკიცებით, აქციების მიზანი იყო უკრაინაში ხელისუფლების მიტაცება და პრორუსული ძალების რევანში. 

მიხეილ სააკაშვილმა ბრალდები უარყო. მან დაპატიმრებას უკრაინის ხელისუფლების დევნა უწოდა და პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

 

ფოტოები მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]