weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გენერალურ აუდიტორს თავს ყოფილი მთავარი პროკურორი დაესხა

12:15 კვირა, 14 მაისი 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით. გენერალური აუდიტორის განცხადებით, მას 12 მაისს, კლუბ „ელ ცენტროში“ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა თავს.

ლაშა თორდიას თქმით, თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული.

„ვიმყოფებოდი შარდენის ქუჩაზე, კლუბ „ელ ცენტროში“ ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც სრულიად შემთხვევით შევხვდი ოთარ ფარცხალაძეს მის თანმხლებ პირებთან ერთად.

შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ აგრესიულად მომმართა, რატომ ვაგროვებდი მის წინააღმდეგ კომპრომატებს, ასევე, რას ვაპირებდი ვადის გასვლის შემდგომ, როგორ ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ ეს მისი საქმე არ იყო და საერთოდ რატომ მელაპარაკებოდა ამ ტონალობით და ამ ფორმით. ამაზე მისი თანმხლები პირი ძალიან აღელდა და უფრო მეტი აგრესიულობით მომმართა, როგორ ვბედავდი საუბარს და რომ ვკითხე, შენ საერთოდ ვინ ხარ მეთქი, ერთ–ერთმა, მესამე პირმა მგონი, მარჯვენა მხრიდან დამარტყა პირველმა და შემდეგ ეს გადაიზარდა მასობრივ ჩხუბში, ვგულისხმობ იმას, რომ 5 თუ 6 ადამიანი მირტყამდა ყველა მხრიდან.

ეს ყველაფერი შენობის შესასვლელში ხდებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ და დაინახეს რაც მოხდა“, – განაცხადა ლაშა თორდიამ „რუსთავი 2“–ის ეთერში.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახური თბილისის მერიის გეგმიური შემოწმების ფარგლებში, იკვლევს ფარცხალაძის კუთვნილი სამშენებლო კომპანიისთვის, თბილისის მერიის მიერ, სპეციალური პირობებით მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„ეს დასკვნა გახდება საჯარო. შეუძლებელია, ამ დასკვნაში რაიმე მნიშვნელოვანი შეიცვალოს. ამ ფირმას, რომლის მფლობელია ფარცხალაძე, რბილად რომ ვთქვათ, კარგი პირობები აქვს, რომელიც სხვა კომპანიებს არ გააჩნიათ. სხვა შეხების წერტილი მე ფარცხალაძესთან არ მქონია,“ - განაცხადა თორდიამ.

გენარალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. „ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ესეც შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ, მითუმეტეს, აუდიტის სამსახურს განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოს პარლამენტთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გვექნება კონსულტაციები. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას და ამის შემდეგ, უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ, თუნდაც კომისიის მიზანშეწონილობის თაობაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ამ დრომდე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის დროულად გასაჯაროებას ითხოვენ.

ოთარ ფარცხალაძე 2013 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, სადაც 2014 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა. მანამდე იგი ფინანსთა სამინისტროში საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

2017 წლის იანვარში საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოაქვეყნა ჟურნალისტური მოკვლევა, რომლის მიხედვითაც, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ 2015-2016 წლებში შეიძინეს თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი, ასევე ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა, დაბა ბაკურიანში მდებარე 2 ბინა და ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი. მანვე 2016 წლის 29 ივნისს იყიდა უძრავი ქონების კომპანია შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100 % წილიც. შეძენილი ქონების საერთო ღირებულება დაახლოებით 1 130 000 აშშ დოლარს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]