weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს

14:28 პარასკევი, 09 მარტი 2018 hits 2009

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს. მისი განცხადებით, ტრაგიკული მოვლენები ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას ძირს უთხრის. ამის მაგალითად პრემიერს ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა მისი ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.

გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]