weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

მივესალმები წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას – პრემიერი

15:16 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018 hits 1606

მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშემწყობ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილი და თანასწორი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

„გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებაცაა.

„საარჩევნო კოდექსში“ სავალდებულო გენდერული კვოტირების ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მსჯელობს, ვფიქრობ, ქალთა ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება.

მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პოლიტიკურ პროცესებს და გაზრდის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს“, – აცხადებს პრემიერი.

21 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშემწყობ ღონისძიებას, საარჩევნო კოდექსში კვოტირების მექანიზმის შემოტანას ეხება.

კანონპროექტი ინიცირებულია 37-ათასზე მეტი ამომრჩევლის მიერ. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი იყოს. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იქნება მინიმუმ 26%.

 

ამ თემაზე:

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს გენდერული კვოტების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]