weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა

15:17 შაბათი, 31 მარტი 2018

31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება. 27 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.

რეფერენდუმის დღე მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა. მისი თქმით, 1991 წლის 31 მარტი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა.

„ამ დღეს გამართული რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და განსაზღვრა საქართველოს მომავალი. დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის ურყევი ნება გამოჩნდა სწორედ 31 მარტის რეფერენდუმზე - ჩვენმა ხალხმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ამ ისტორიული დღის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, რომელსაც დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ - განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში.

„როდესაც ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მონაპოვარი დემოკრატიული ღირებულებია, როდესაც ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, საზოგადოებაში კვლავ პასუხგაუცემელია კითხვები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილს ძალიან მნიშვნელოვანად მიაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]