weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დეპუტატ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

10:28 ოთხშაბათი, 24 მაისი 2017

საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15 წლით პატიმრობა და 13 მილიონ აშშ დოლარამდე ჯარიმის გადახდა დაუსწრებლად შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს გამოცემა Gulf Business ავრცელებს.

„რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს“ (RAKIA) ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა და RAKIA-ს სხვა ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას დაუსწრებლად 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ფულადი სახსრების მითვისებისთვის. მასაადისთვის ეს უკვე მეორე მსჯავრია. 2015 წელს ის თაღლითობისთვის ასევე დაუსწრებლად იქნა გასამართლებული.

სასამართლოს განჩინებით, პატიმრობის გარდა, მასაადს, ასევე გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას, რომლებიც RAKIA Georgia-ში მუშაობდნენ, ჯარიმის სახით 17,2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ. გელა მიქაძემ RAKIA-ს უნდა აუნაზღაუროს 12,8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო გიორგი ჯანაშიამ - 4,4 მილიონი აშშ დოლარი. ეს ის თანხაა, რომლის მთვისებაშიც ბრალი ედებოდათ.

საქმე ეხება 2010-2011 წლებში, ფოთის საზღვაო პორტსა (რომლის 100%-ანი წილის მფლობელია RAKIA) და ახლადშექმნილ კომპანიას, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ გაუქმებას.

პროკურატურის განცხადებით, Raystar-ის ბენეფიციარები იყვნენ გელა მიქაძე და გიორგი ჯანაშია, რის შესახებაც მხოლოდ ხატერ მასაადმა იცოდა.

RAKIA-ს მტკიცებით, ამ სამ პირს შორის შეთანხმება გაფორმდა იმის სრული გაცნობიერებით, რომ Raystar-ს პროექტის განხორციელება არ შეეძლო, რადგან არ ჰქონდა გამოცდილება. RAKIA-ს მიერ თანხა, რომელმაც 17.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა გადაირიცხა მიქაძისა და ჯანაშიას პირად ანგარიშებზე შვეიცარიულ ბანკში.

ვერდიქტში მოსამართლე სამეჰ ჰამედ შაქერი აცხადებს, რომ სამივე მსჯავრდებულმა განზრახ მიაყენა ზიანი „რა ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს“ ფულად სახსრებსა და ინტერესებს.

აღსანიშნავია, რომ მასაადი, რომელმაც არაბთა გაერთიანებული საემიროები 2012 წელს დატოვა, გასულ წელს 1.5 მილიარდი აშშ დოლარის თაღლითურად მითვისების ბრალდებით დააკავეს. ამჟამად ის საუდის არაბეთში იმყოფება და გაერთიანებულ საემიროებში ექსტრადიციას ელოდება“, - ნათქვამია Gulf Business-ის სტატიაში.

RAKIA Georgia-ს იურისტის ნათია წკეპლაძის განცხადებით, გელა მიქაძის წინააღმდეგ სამოქალაქო დავები საქართველოშიც მიმდინარეობს.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]