weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პარლამენტთან აქცია 3 ივნისს, 18:00 საათზე განახლდება

01:55 კვირა, 03 ივნისი 2018

თბილისში, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია, 3 ივნისს, 18:00 საათზე განახლდება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების განცხადებით, აქციაზე გახდება ცნობილი სამოქმედო გეგმა, რომელსაც აქციის ორგანიზატორები და ლიდერები შეიმუშავებენ. პოლიტიკოსებმა მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

„საქართველოს ძენო და ასულნო, თანამოქალაქენო, ჩვენ წინაშე აღიმართა საშინელი უფსკრული, საშინელი ყრუ კედელი. ეს არის უსამართლობისა და ჩაგვრის კედელი, ჩვენ ყველანი აქ ვდგავართ ერთად, რათა დავასრულოთ ეს უსამართლობა, რათა თავისუფლებისთვის კიაფობდეს საქართველო უკუნისამდე.

ხვალ, 18:00 საათზე, საქართველოს მოქალაქეებს, თანამემამულეებს, მოვუწოდებთ, რომ დადგნენ ჩვენთან ერთად, რათა ერთად გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი, რათა აღვასრულოთ სამართლიანობა, რათა ერთად დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც კლავს, რომელიც ანადგურებს და სპობს საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც სპობს ქართულ სახელმწიფოს, მის სამართლებრივ, კანონიერ, კონსტიტუციურ საფუძვლებს, ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, – განაცხადა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას.

„თქვენ ნახეთ ბოლო დღეებში თუ როგორ ცინიკური დამოიკიდებულებით გამოირჩეოდა მთელი სისტემა - ძალოვანი სტრუქტურებით დაწყებული, გაგრძელებული პოლიტიკური ხელმძღვანელებით. აი, აქ, ჩვენს გვერდით დგას ორი ვერაგულად და სასტიკად მოკლული შვილმკვდარი მამა, რომელთაც ნაცვლად იმისა, რომ მიეღოთ ახსნა-განმარტება ხელისუფლების მხრიდან, დასცინეს, შავი პიარი, პროპაგანდის წარმოუდგენელი მანქანა აამუშავეს, მოუსიეს აქ ყველანაირი ზონდერ ელემენტები. მთელი ამ დღეების განმავლობაში ცილი დასწამეს იმაში, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული. მაგრამ მე თქვენ გეკითხებით, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტია არის ხელისუფლებაში, შსს-ში, სუს-ში, პარლამენტში, სასამართლოში და ა.შ. და შენს ღირსებას ლახავს, შენი ტრაგიკული ოჯახის ღირსებას ლახავს ბოლომდე, ეს არ არის ამ ადამიანების პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად დაცინვა? აქ ხშირად გაისმოდა ერთი ძირითადი მოთხოვნა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, როგორიც იყო დასჯილიყვნენ მკვლელები და ასევე ისინი ვინც მთელი თვეების განმავლობაში მკვლელებს ხელს აფარებდნენ, მაგრამ ყველაზე მთავარი მოთხოვნა რაც იყო - დაინგრეს სისტემა. ამ ქვეყანაში სისტემა არის ერთი ადამიანი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ეს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებიდან“, - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ.

„ჩვენს ერთიანობას ვერაფერი დაუდგება წინ. ვუყურებდით მთელ ამ პროცესს და აბსოლუტურად გულწრფელად ვიდექით და ვდგავართ შვილმოკლული მამების გვერდით. მე პირადად და ჩვენ, არცერთი არ მივცემთ ხელისუფლებას ამ ადამიანების დაჩაგვრის  უფლებას. დღეიდან ეს ბრძოლა იწყება მთელი საქართველოს მასშტაბით. ვერთიანდებით ყველა, იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ, ის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა უნდა დამთავრდეს“, - აღნიშნა "ახალი საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადებები მას შემდეგ გააკეთეს, რაც პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში ზაზა სარალიძესთან, ზვიად კუპრავასთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრა გამართეს.

ზაზა სარალიძის თქმით, მან გადაწყვიტა მოეხმო ყველა პოლიტიკური ძალისთვის: „მე პირობა დავდე, ნებისმიერ ხერხს მივმართავ, ეს სისტემა რომ დანგრეულიყო და ამ სისტემის მფარველები - მთავრობა უნდა ჩამომხობილიყო.  აუცილებლად უნდა დაისაჯონ ჩვენი შვილების მკვლელები. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და საქართველოს ყველა მოქალაქეს, გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა და ჩამოვამხოთ ეს მოძალადე და მკვლელი მთავრობა“.

„ამ ხელისუფლებაში შეუძლებელია ჩვენი სიმართლის დამტკიცება, ჩვენი სიმართლის დადგენა. ყველა ერთად ვართ და ვიბრძვით - პოლიტიკური პარტიები, ხალხი, სტუდენტები, მოსწავლეები, გლეხი, ბერი, ყველა ერთად. ყველა ერთად ვიქნებით და დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]