weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

გაყოფილ თვითმმართველობებში ბევრი პრობლემა გამოიკვეთა - პრემიერი

14:21 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017 hits 1149

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თვითმმართველობების გაყოფის შედეგად, 14 მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტების 7-მდე შემცირება კი ხელს შეუწყობს მათ განვითარებას.

კვირიკაშვილის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, თვითმმართველობების შემცირება მათი ბიუჯეტების შემცირებას არ გულისხმობს.

„თვითმმართველობის რეფორმა არის დინამიური, ცოცხალი ორგანიზმი და მას სჭირდება რა თქმა უნდა კორექტირებები, ვინაიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც ხელს უშლის თვითმმართველობის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას და ჭეშმარიტი თვითმმართველობის განვითარებას საქართველოში. ეს გახლავთ 14 მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული პრობლემა და დღევანდელი ცვლილებით, 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არამც და არამც არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში. მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება, როდესაც ჩვენ ქალაქისა და რაიონის მუნიციპალიტეტებს გავაერთიანებთ. ავტომატურად დაჯამდება ბიუჯეტი, რომელიც არსებობდა ამ ქალაქსა თუ რაიონში და არავითარ შემთხვევაში მას არცერთი თეთრი არ მოაკლდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ცვლილებების მეორე მიზეზი არის ის, რომ აღნიშნულ რაიონებში იყო ორხელისუფლებიანობა, ასევე - უამრავი პრობლემა აღსრულების ეფექტიანობისა და ფუნქციების გაორების კუთხით. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთელ რიგ შემთხვევებში დუბლირება ხდებოდა და ამ ემპირიულმა გამოცდილებამ გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების შემუშავება.

„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოებს მიეცემათ დემოკრატიული კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტები. გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში იქნება მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა, რომელიც საკრებულოს წარუდგენს მისი მოადგილეების, სამსახურების უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დაინიშნებიან პიროვნებები აღნიშნულ თანამდებობებზე“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ცვლილებების მეორე პაკეტით, მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება არასამეწარმეო იურიდიული პირების ოპტიმიზაციის მექანიზმი და მათი შექმნისას გათვალისწინებული პრინციპი, რომ ერთ სფეროში იყოს ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ მიმართულებითაც ფუნქციების დუბლირება.

პრემიერის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ ყველა დასახლებაში გათვალისწინებულია ტერიტორიული ორგანოების შექმნა, რომლებიც კონკრეტული დასახლების საჭიროებებს და მოთხოვნებს პირდაპირ მიიტანენ მუნიციპალიტეტის მერამდე. ეს ორგანოები უზრუნველყოფენ მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შედგენის დროს ნორმატიული წესების შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას. ეს სამუშაო მიმდინარეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. ბიუჯეტირების პროცესშივე მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ქვემოდან ზემოთ მომავალი პროცესი, განისაზღვრება პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების მიხედვით განაწილდება არსებული რესურსები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტირებისას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს თვითმმართველობის რეფორმის ავტორიტეტის და წარმატების გაზრდას და არა პირიქით, როგორც ამაზე ზოგიერთები აპელირებენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, თელავისთვის, ოზურგეთისთვის, ზუგდიდისთვის, გორისთვის, ამბროლაურისთვის, მცხეთისა და ახალციხისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებასა და თემის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებაზე 14 საკრებულოდან 14–ვემ მხარი დაუჭირა. ამით მათ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

 

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]