weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს აფრთხილებს, არ აჰყვნენ ენმ-ს პროვოკაციებს

12:32 შაბათი, 16 ივნისი 2018

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ არანაირ პროვოკაციას.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრობა“ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციულ მეთოდებს ირჩევს. სწორედ ასეთი ქმედებების ნაწილად ვაფასებთ გუშინ, ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს. თუმცა, აქვე ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და პროვოკაციების მიუხედავად, დაუშვებლად მიგვაჩნია ფიზიკური დაპირისპირება.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს ვითარების ესკალაციას. ყველა მსგავს ინციდენტზე შესაბამისი სამსახურები მოახდენენ ადეკვატურ რეაგირებას.

მივმართავთ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს, მხარდამჭერებს - ჩვენ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაკისრია და ჩვენი ხელწერა ყოველთვის იყო და იქნება მხოლოდ კანონისმიერი პასუხი ყველა პროვოკაციაზე. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ არანაირ პროვოკაციას. ნურავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნურად მოახერხონ სიტუაციის ესკალაცია“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, არსებობს საჯარო სივრცეში მიზანმიმართული მუქარისა და შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი, რომელიც აუცილებლად გადაეცემა სამართალდამცავ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. „საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ის ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, სათანადოდ აგებს პასუხს, მიუხედავად მისი პოლიტიკური, თუ თანამდებობრივი პოზიციისა“, - აცხადებენ პარტიაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ ქათამაძეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები საკრებულოს შენობაში თავს დაესხნენ და რკინის ნაჭერი ჩაარტყეს. ქათამაძეს თავზე სამი ჭრილობა აქვს და საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  

გუშინვე, ოზურგეთში სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა შეიკრიბა ბესიკ ქათამაძის მხარდასაჭერად და თავდამსხმელების დასჯის მოთხოვნით.

გურიის პოლიციის დეპარტამენტმა ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ტარიელ აროშიძე დააკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]