weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აფგან მუხთარლის საქმეში სახელმწიფოს მონაწილეობა გამორიცხულია - გიორგი კვირიკაშვილი

21:16 ორშაბათი, 05 ივნისი 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მომხდარ ინციდენტში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა გამორიცხულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს არსებულ ძალიან სამწუხარო ინციდენტს. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი იმ დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნება, განვითარება და გაუმჯობესება, რომელსაც დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ. ვნახოთ, გამოძიება წარიმართება. ეს ნაბიჯი დადავდგით, რომ აფგან მუხარლის მეუღლესა და შვილებს შევთავაზეთ საქართველოს მოქალაქეობა და მათი უსაფრთხოების დაცვა. თავად პიროვნება, რომელზეც არის საუბარი, დაპატიმრებულია. დღეს რთულია რაიმეს თქმა. მხოლოდ ერთი შემიძლია დაზუსტებით გითხრათ - საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობას აფგან მუხთარლის საქმის გარემოებების სრულად და დეტალურად გამოძიებისკენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ დღეს მოუწოდა. მანამდე კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს ყურადღებით აკვირდებიან.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი და საქართველოს თავს 2015 წლიდან აფარებდა, 29 მაისს, თბილისში გაუჩინარდა. მას 30 მაისს, ბაქოში მიაკვლიეს, სადაც კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

აზერბაიჯანის პროკურატურა ირწმუნება, რომ აფგან მუხთარლი 29 მაისს, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ დააკავეს და არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. მუხთარლის ოჯახი და ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ის თბილისში, ჭონქაძის ქუჩიდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც შინ ბრუნდებოდა.

აფგან მუხთარლის საქმეს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იძიებს. დღეს ადვოკატებმა ოფიციალურად მოითხოვეს, რომ საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს. მათი ვარაუდით, აფგან მუხთარლის გატაცებაში პოლიციელები მონაწილეობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]