weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აფგან მუხთარლის საქმეზე 30-ზე მეტი ვიდეო კამერის ჩანაწერია ამოღებული - არჩილ თალაკვაძე

23:17 სამშაბათი, 06 ივნისი 2017

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 30-ზე მეტი ვიდეო კამერის ჩანაწერია ამოღებული და დაკითხულია 100-ზე მეტი ადამიანი. როგორც თალაკვაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, საქართველომ აზერბაიჯანს მოსთხოვა, რომ ბაქოში, ქართველი სამართალდამცავების მიერ აფგან მუხთარლის დაკითხვა უზრუნველყონ.

"ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ და ჩვენ არავის არ ვეუბნებით "დაიცადეთ". თქვენ [ჟურნალისტებმა] უნდა გააკეთოთ თქვენი საქმე, უფლებადამცველებმა უნდა გააკეთონ თავისი საქმე და გამოძიებაც მუშაობს. კერძოდ, სასამართლო განჩნებებით უკვე ამოღებულია, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, 30-ზე მეტი ვიდეო კამერის ჩანაწერები. ასევე მიდის სკანირების ეტაპი ტელეანძებთან დაკავშირებით. მაგ მონაკვეთში რამდენიმე ათასი ზარია განხორციელებული და ესეც სამართალდამცავებმა უნდა გაშიფრონ - თუ ვინ, როდის იმყოფებოდა იმ მონაკვეთში, ხომ არ ჰქონდათ ამ ადამიანებს რაიმე შესაძლო კავშირი ამ ფაქტთან. ასევე უნდა გითხრათ, რომ 100-ზე მეტი ადამიანია დაკითხული და კიდევ მიმდინარეობს ეს პროცესი. მეტსაც გეტყვით, საქართველომ უკვე მიმართა აზერბაიჯანის მხარეს და მოითხოვა უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა, გამომძიებლებმა დაკითხონ ბატონი მუხთარლი აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და რომ ეს დაკითხვის ოქმიც დაერთოს საქმეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გადაცემა "არჩევანის" წამყვანის, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კითხვაზე, თუ რატომ არ იძიებს მუხთარლის საქმეს პროკურატურა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს მთავარი საკითხი არ არის. "მთავარი საკითხია, რომ გამოძიება უზრუნველყოს სახელმწიფომ", - აღნიშნა მან.

თალაკვაძის განცხადებით, მას მტკიცედ სჯერა, რომ აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს ხელისუფლება ჩართული არ იყო.

"არჩევანში" არჩილ თალაკვაძის მონაწილეობამდე, გადაცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა დატოვა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ გიორგი გაბუნიამ აზერბაიჯანელი კოლეგის სოლიდარობის ნიშნად თავზე დაფარებული ტომარა არ მოიხსნა.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს, თბილისში გაუჩინარებული აფგან მუხთარლი, 30 მაისს, ბაქოში აღმოჩნდა, სადაც კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით წინასწარ სამთვიან პატიმრობაშია.

აზერბაიჯანის პროკურატურა ირწმუნება, რომ აფგან მუხთარლი 29 მაისს, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ დააკავეს და არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. მუხთარლის ოჯახი და ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ის თბილისში, ჭონქაძის ქუჩიდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც შინ ბრუნდებოდა.

აფგან მუხთარლის საქმეს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იძიებს. 5 ივნისს ადვოკატებმა ოფიციალურად მოითხოვეს, რომ საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს. მათი ვარაუდით, თბილისიდან აფგან მუხთარლის გატაცებაში პოლიციელები მონაწილეობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]