weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გელა სამხარაულის სახელობის ორმოების ქალაქი - აქცია ახმეტაში

19:42 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018

ახმეტის შესასვლელში, მონუმენტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბანერი „გელა სამხარაულის სახელობის ორმოების ქალაქი“ გააკრეს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ახმეტაში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით მილიონობით ლარი დაიხარჯა, მოსახლეობას წყლის პრობლემა ისევ აქვს და ქუჩებიც გადათხრილი დარჩა.

„ყოველ 15-20 მეტრში ორმოა. ამაზე პასუხისმგებლობა დავაკისრეთ გელა სამხარაულს. დღეს სიმბოლურად გავხსენით სტენდი, სადაც მისი ფოტოა და ქალაქ ახმეტას სამხარაულის სახელობის ორმოების ქალაქი დავარქვით. ამ ყველაფერში ვადანაშაულებთ გუბერნატორს, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი, ზედამხედველობა გაუწიოს ცენტრალური ბიუჯეტიდან წამოსულ თანხებს“, - ამბობს ბოტკოველი.

მისივე თქმით, მსგავსი მდგომარეობაა კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს და წყალმომარაგების პროექტებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„საგარეჯოში, ლაგოდეხში, ახმეტაში, თელავსა და სიღნაღში ერთნაირი სიტუაციაა. თითოეულ რაიონში 10-25 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ წყლის ქსელები არ ფუნქციონირებს. ზოგ შემთხვევაში უხარისხო მილებია ჩაყრილი, ზოგან კი ქსელი ისე გაიყვანეს, სათაო ნაგებობა არ ჰქონდათ მოძიებული. ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. ფაქტობრივად ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. ეს თანხები წყალში კი არ არის გადაყრილი, შეჭმულია“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ აქციას მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს. სამხარაულის თქმით, წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტზე ზედამხედველობა მაჟორიტარის ფუნქცია არ არის.

რაც შეეხება დაუსრულებელ პროექტებსა და გადათხრილ გზებს,როგორც გელა სამხარაულმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, კომპანია „დაგმა“მილების შემოწმება დაიწყო და გზის საფარი ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწესრიგდება.

„როგორც რიგით მოქალაქეს, ეს პრობლემა მეც მაწუხებს და ამ საკითხს ყველა დონეზე ვაყენებ. თითქმის წელიწადია შიდა გზები ამ მდგომარეობაშია და გადაადგილება შეუძლებელია. კომპანიას აქამდე უნდა დაესრულებინა სამუშაოები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დაასრულა. ამჟამად არსებული მილების გატესტვა მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ასფალტის გადაგება. სხვა შემთხვევაში ორმაგი შრომა მოგვიწევს - სადმე რომ პრობლემა იყოს, დაგებული ასფალტი ასაყრელი გახდება“, - აღნიშნა სამხარაულმა.

ახმეტაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი შპს „დაგმა“ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით განახორციელა. პროექტი, რომლისღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს, 2015 წელს დაიწყო და ერთ წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე ვერ დამთავრდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]