weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სალომე ზურაბიშვილმა ცესკოში 73 ათასზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა შეიტანა

19:04 შაბათი, 08 სექტემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 73 ათასზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა შეიტანა. ცესკოში დასარეგისტრირებლად საპრეზიდენტო კანდიდატ არანაკლებ 25 923 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულება აქვს.

„დღეს დასრულდა ხელმოწერების შეგროვების პირველი ეტაპი. შევიტანეთ 73 ათასზე მეტი ხელმოწერა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობა მოვახსენო, ვინც მუშაობდა ხელმოწერების შეგროვებაზე. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ხელი მოაწერა და საშუალება მომცა, რომ ჩემი კანდიდატურა დარეგისტრირებულიყო. მინდა მადლობა მოვახსენო მათაც, ვინც ვერ ან არ მოაწერა ხელი, რამეთუ მე ვიქნები მათი პრეზიდენტიც“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, საარჩევნო მარათონს 12 სექტემბერს ქუთაისიდან დაიწყებს და 28 ოქტომბრამდე ყველა რეგიონს მოივლის.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. როგორც მან განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა იმედი აქვს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს.

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. პარტიის პოლიტსაბჭო ხვალ იმსჯელებს და გადაწყვეტს, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რჩეულ კანდიდატს „ქართული ოცნება“ ფინანსურადაც დაეხმარება. კერძოდ, მმართველი პარტიის შემომწირველებს მოუწოდებენ, თანხა შერჩეული კანდიდატის ფონდში ჩარიცხონ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრეზიდენტობის მსურველმა 46-მა ადამიანმა მიმართა.

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]