weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არ ვამბობ რომ ომი საქართველომ დაიწყო, პრეზიდენტი წამოეგო რუსეთის პროვოკაციას – ზურაბიშვილი

14:22 ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე განმარტება გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, მას არასდროს უთქვამს, რომ საქართველო აგრესორია და ომი დაიწყო.

„ეს სპეკულაცია ერთად უნდა დავასრულოთ. რუსეთის მიმართ ჩემი დამოკიდებულება უცვლელია უკვე 60 წელზე მეტია.

საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა. ვისგან დაცვა ხომ არ მეტყვით? - რუსეთისგან.

რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი; 1921 წელს, როცა დაარღვია 1920 წელს აღიარებული სუვერენობა და რის გამოც ჩემები წამოვიდნენ და დავიბადე საფრანგეთში; აგრესორი და ოკუპანტია 2008 წლიდან, როცა კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც მე ძალიან კარგად ვიცი, ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენობას და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა მისი საარჩევნო შტაბის გახსნაზე.

ზურაბიშვილის თქმით, მეორე თემაა ვინ დაიწყო საქართველო-რუსეთის ომი და რატომ. მისი განცხადებით, ომი რუსეთმა დაიწყო, მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით შემოიჭრა.

„საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს არ შეჭრილა, არასოდეს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, როგორც 1+1 არის 2. ამაზე ვინ შეიძლება დავობდეს? არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. ვისი ინტერესია, რომ ამ საკითხზე შეიქმნას ცრუ წარმოდგენა ან ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ?!

როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე. არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი.

ვამბობ, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები დაუცველი ჩვენი მოქალაქეები“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა იქვე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალში მცხოვრები საკუთარი მოსახლეობა დაბომბა: „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის მთლიანობა გვინდა?“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]