weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს წევრებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

17:16 პარასკევი, 28 სექტემბერი 2018
ფოტოზე თეონა ჭალიძე ფოტოზე თეონა ჭალიძე

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის N40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჰასმიკ მარანგოზიანს მათი წარმომადგენლებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, კომისიის წევრმა გაერთიანებული ოპოზიციიდან, თეონა ჭალიძემ განაცხადა, რომ მარანგოზიანმა მას ძალისმიერი მეთოდებით სამუშაო ოთახი დაატოვებინა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. თეონა ჭალიძე ზეწოლაში სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, გივი სიხარულიძესაც ადანაშაულებს.

„ჰასმიკ მარანგოზიანმა ახალქალაქის საოლქო კომისიაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა მე და „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელს, არტურ მკოიანს. მსგავს შეურაცხყოფას უკვე რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.

მარანგოზიანი მოითხოვდა ჩემგან, რომ რუსულ ან სომხურ ენაზე მესაუბრა. ქართულ ენაზე ჩემი ყველა რეკომენდაცია და დასმული შეკითხვა იყო იგნორირებული.

მარანგოზიანმა ძალისმიერი მეთოდებით გამომაძევა სამუშაო სივრციდან, რითიც ჩემი, როგორც კომისიის წევრის უფლება შეიზღუდა“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მომხდარი ინციდენტის გამო საოლქო კომისიაში სამართალდამცველები გამოიძახა, რის შემდეგაც  პოლიციაში გადაიყვანეს და პოლიციის უფროსის მოადგილე გაესაუბრა.

„გასაუბრება შედგა მის კაბინეტში, სადაც დამახვედრეს ცეცხლსასროლი იარაღი, ჩემს წინ განთავსებული იყო პისტოლეტი, ასევე განთავსებული იყო ჩემს მარჯვნივ საბრძოლო ცეცხლსასროლი ავტომატი და მჭიდები. რამაც ჩემზე ნეგატიური გავლენა იქონია. ამის თაობაზე გენერალურ ინსპექციასაც ვაცნობეთ. მიმაჩნია, რომ ეს გარემოება შექმნეს ჩემზე და არტურ მკოიანზე ზემოქმედების მიზნით“, – აღნიშნა ჭალიძემ.

„ძალა ერთობაშია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საარჩევნო ადმინისტრაციას მათ წარმომადგენელზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლისა და ჰასმიკ მარანგოზიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისკენ მოუწოდებს. ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]