weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2022

თურქეთის ნაკრები აცხადებს, რომ მათ კალათბურთელს ქართველები გასახდელში თავს დაესხნენ

13:10 ორშაბათი, 05 სექტემბერი 2022

თურქეთის ნაკრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გუშინდელი თამაშის შემდეგ, მათ კალათბურთელს, თამაშიდან გაძევებულ ფურკან კორმაზს თავს დაესხნენ. თურქეთის საკალათბურთო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის და ნაკრების მწვრთნელის ასისტენტის თქმით, დაპირისპირებაში პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური იყო ჩართული. თურქული მხარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გადაცემას და კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის [FIBA] მხრიდან რეაგირებას ითხოვს.

თბილისი „ევრობასკეტის“, ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის თამაშებს მასპინძლობს. 4 სექტემბერს, „ევრობასკეტის“ მესამე დღეს, საქართველოს ნაკრებმა ორი ოვერტაიმის შედეგად თურქეთი ანგარიშით 88:83 დაამარცხა. თამაშის დასასრულს, თურქმა კალათბურთელმა ფურკან კორკმაზმა და ქართველმა დუდა სანაძემ ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიეს, რასაც ორივე მათგანის დისკვალიფიკაცია მოჰყვა.

როგორც თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ომერ ონანმა განაცხადა, დაპირისპირება თამაშის დასრულების შემდეგაც მოხდა და მაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ტრავმირებული თორნიკე შენგელიაც მონაწილეობდა.

„ქართველმა მოთამაშეები, რომლებიც გუშინ არ თამაშობდნენ, თავიანთ გაძევებულ მოთამაშესთან და პოლიციასთან ერთად, თავს დაესხნენ ფურკმან კორკმაზს, როდესაც ის მწვრთნელთან ერთად გასახდელისკენ მიდიოდა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. მატჩის ბოლოს 30-მა პოლიციელმა ჩხუბისკენ გვიბიძგა. ამის შესახებ ვაცნობე FIBA-ს და მის ოფიციალურ პირებს.

არავინ მოიტყუოს თავი ან არ იფიქროს, რომ სულელები ვართ. მათ მოუწევთ დერეფნის კამერების ჩანაწერების მოტანა, წუთი-წუთში, ისე, რომ არაფერი აკლდეს. თუ ამ ჩანაწერებს ვერ მივიღებთ, მაშინ ტურნირს დავტოვებთ.

შენგელია, რომელიც თამაშში არ მონაწილეობდა და სათადარიგო სკამზე მჯდარი სამი მოთამაშე წავიდნენ გასახდელისკენ. მატჩის ბოლოს ჩვენი გასახდელის წინ პოლიცია იდგა, ვითომ გვიცავდნენ. სინამდვილეში სულ გვიბიძგებდნენ. მზად ვიყავით ერთმანეთისთვის მუშტები დაგვერტყა“, – განაცხადა ონანმა პორტალ Eurohoops.net-თან.

მომხდარის შესახებ ისაუბრა თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა, ჰაკან დემირმაც, რომელმაც გაძევებული მწვრთნელის, ერგინ ატამანის ნაცვლად ესწრებოდა თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციას. მან საქართველოს ნაკრების მოთამაშეები და „თბილისი არენის“ უსაფრთხოების თანამშრომლები უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

„ასეთი რაღაც სპორტს არ შეეფერება. დღეს კალათბურთი უნდა გვეთამაშა, მაგრამ რაც მოხდა, კალათბურთი არ არის. საქართველოში კიდევ ორი თამაში დაგვრჩა და სამწუხაროდ, რაც დერეფანში მოხდა სპორტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მოედანზე შედგა თამაში ორი ოვერტაიმით. ხან ჩვენ ვთამაშობდით კარგად, ხან - საქართველო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი ფეხბურთელი, ფურკან კორკმაზი დისკვალიფიცირდა, მოწინააღმდეგე გუნდის სამი მოთამაშე მას დერეფნებში დაესხა თავს, დაცვის თანამშრომლები კი ჩვენს ფეხბურთელს და ჩვენს მწვრთნელს დაესხნენ თავს.

ჩვენ აქ კალათბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და არა კრივისთვის. ძალიან შეწუხებული ვართ, რომ უსაფრთხოება დაცული არ არის. ამას ბოლომდე მივყვებით. დიახ, მოედანზე მოთამაშეებს შორის დაძაბულობა იყო, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ის, რაც შემდეგ მოხდა.

მოთამაშეებს შეიძლება ურთიერთობა დეძაბოთ მოედანზე, მაგრამ მის გარეთ მეგობრები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ინციდენტში უსაფრთხოების თანამშრომლებიც ჩაერთვნენ. რა თქმა უნდა, საქართველომ მოიგო თამაში და მათ ვულოცავ, მაგრამ საქმე ამაში არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც დერეფანში მოხდა“, – აღნიშნა ჰაკან დემირმა.

თურქეთის მხარე თამაშის შედეგსაც აპროტესტებს, კერძოდ, აცხადებს, რომ კორკმაზსა და სანაძეს შორის დაპირისპირების დროს, საათის ტაბლოდან 22 წამი „გაქრა“.

„ის ფაქტი, რომ ეს არის არა ერთი ან ორი წამი, არამედ 22, გვაფიქრებინებს, რომ უბრალო შეცდომა არ მომხდარა. ამასაც მივყვებით“, – თქვა თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა.

თურქეთის ნაკრების ბრალდებებს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ჯერ არ გამოხმაურებია. კალათბურთელმა დუდა სანაძემ კომენტარი ექსკლუზიურად ბერძნულ მედიას მისცა და მოედანზე მასსა და კორკმაზს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

„მე მას ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო, მას კი ასეთი რეაქცია ჰქონდა. სიმართლე, რომ გითხრათ, იმ მომენტში ეს ძალიან გამიკვირდა და უცებ, ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. მიყვიროდა და მიყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა. ეს ძალიან ცუდი ინციდენტი იყო. ჩვენ მეგობრული ქვეყანა ვართ და ეს არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ძალიან ბევრი ემოცია იყო“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]