weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

კონსტანტინოპოლმა კიევის საპატრიარქოს მეთაურს ანათემა მოხსნა

23:00 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I

კონსტანტინპოლის (მსოფლიო) საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურს - პატრიარქ ფილარეტს მოსკოვის მიერ გამოცხადებული ანათემა მოხსნა. ფილარეტის გარდა, ანათემა ასევე მოეხსნა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ ფილარეტი ანათემას 1997 წელს გადასცა, მას შემდეგ, რაც ის არაღიარებულ კიევის საპატრიარქოს სათავეში ჩაუდგა.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თავის დროზე ანათემა არასაკმარისი მიზეზების არსებობის პირობებში, ზოგიერთი პოლიტიკური მოსაზრებების გამო გამოცხადდა. ამიტომ სინოდის გადაწყვეტილებით, ისინი [ფილარეტი და მაკარი] დაბრუნდნენ კანონიკურ სტატუსში“, - BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ეს განცხადება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

წმინდა სინოდმა გააუქმა 1686 წელს მიღებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც კიევის მიტროპოლია რუსეთის საპატრიარქოს დაექვემდებარა.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ფილარეტმა განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის გადაწვეტილება ხელს შეუწყობს უკრაინაში ერთიანი ეკლესიის შექმნას. მოსკოვის საპატრიარქომ კი გადაწყვეტილებას „კატასტროფული“ უწოდა და ის „განხეთქილების დაკანონებად“ შეაფასა.

„კონსტანტინოპოლი თავისი ქმედებით გადადის წითელ ხაზს და კატასტროფულად არღვევს მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთიანობას“, - განაცხადა მოსკოვის საპატრირქოს პრესმდივნმა ალექსანდრ ვოლკოვმა.

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის კრება, სადაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი განიხილეს, სტამბოლში 9 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, 11 ოქტომბერს დასრულდა.

სინოდის გადაწყვეტილებით, მსოფლიო საპატრიარქო იწყებს უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურას.

ამჟამად უკრაინაში რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათ შორის უმსხვილესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია; უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი უდგას სათავეში და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და უმაღლესმა რადამ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომე I-ს უკრაინის ერთიანი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნაში დახმარების და რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფის თხოვნით აპრილში მიმართეს. 24 სექტემბერს მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მიიღებს, რადგან ეს მისი უფლებაა.

998 წლიდან 1686 წლამდე უკრაინის ერთიანი ავტოკეფალური ეკლესია კონსტანტინოპოლს ექვემდებარებოდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]