weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

94 წლის ასაკში ჯორჯ ბუში გარდაიცვალა

11:49 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო 1989-1993 წლებში, 94 წლის ასაკში, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ჯორჯ ბუში უკანასკნელ წლებში პარკინსონის დაავადებას ებრძოდა და 2012 წლიდან სავარძლით გადაადგილდებოდა.

ამერიკის ექს-პრეზიდენტის სამძიმრის ღია წერილი მისმა შვილმა, ასევე ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა გამოაქვეყნა:

„ჯები, ნილი, მარვინი, დორო და მე ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ 94 წლის ასაკში მამაჩვენი გარდაიცვალა. ჯორჯ ბუში მტკიცე ხასიათის ადამიანი იყო და საუკეთესო მამა, რომელსაც შვილები ინატრებდნენ. ბუშების მთლიანი ოჯახი მადლიერია ამერიკის 41-ე პრეზიდენტის სიცოცხლითა და სიყვარულის გამო“ - წერია განცხადებაში.

ჯორჯ ბუში პრეზიდენტად გახდომამდე რონალდ რეიგანის მმართველობის ხანაში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი იყო 1981-1989 წლებში, იქამდე კი ორი ვადის განმავლობაში იყო ტეხასის წარმომადგენელი წარმომადგენელთა პალატაში. ასევე მუშაობდა დიპლომატიურ თანამდებობებზე და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორად.

მისი პრეზიდენტობისას ბერლინის კედელი დაეცა, ხოლო ვარშავის პაქტი და საბჭოთა კავშირი დაიშალა. ჯორჯ ბუშის ინიციატივით განხორციელდა სამხედრო შეჭრა პანამაში და სპარსეთის ყურის ომი, რის გამოც არაერთხელ გახდა საყოველთაო კრიტიკის ობიექტი. შიდა საკითხებში წინასაარჩევნო დაპირებების ღალატმა და გადასახადების გაზრდამ რესპუბლიკელ ამომრჩევლებში მისი პოპულარულობის დაცემა გამოიწვია და ეკონომიკური პრობლემების ფონზე იგი 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ბილ კლინტონმა დაამარცხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]