weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2020

აია-სოფია შესაძლოა მეჩეთად გადაკეთდეს – გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს მიიღებენ

10:23 ხუთშაბათი, 02 ივლისი 2020 hits 580

სტამბოლის ერთ-ერთმა მთავარმა სიმბოლომ, წმინდა სოფიას ტაძარმა (აია-სოფია) შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და კვლავ მეჩეთად გადაკეთდეს. თურქეთის სახელმწიფო საბჭო ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს მიიღებს.

პოლიტიკოსები, სასულიერო პირები და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას, რადგან მიაჩნიათ, რომ ძეგლი მთელი კაცობრიობის საკუთრებაა, რელიგიის მიუხედავად.

გუშინ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა, სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება არ მიიღოს.

„მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას წმინდა სოფიას ტაძარი დატოვონ მუზეუმად, როგორც იმ რელიგიური ტრადიციებისა და ისტორიული მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის მაგალითი, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკში წვლილი აქვს შეტანილი, და უზრუნველყოს, რომ ის [მუზეუმი] ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

BBC-ის ინფორმაციით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომე პირველის განცხადებით, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებამ შესაძლოა მილიონობით ქრისტიანი ისლამის წინააღმდეგ განაწყოს. მისივე თქმით, აია-სოფია, როგორც მუზეუმი, ქრისტიანობასა და ისლამს შორის ურთიერთგაგებისა და სოლიდარობის, მათი შეხვედრის ადგილის სიმბოლოა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთის ხელისუფლებას სრული უფლება აქვს შეცვალოს ძეგლის სტატუსი, სხვა სახელმწიფოების აზრის გათვალისწინების გარეშე. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ აია-სოფიას საკითხი ეროვნული სუვერენიტეტის საკითხია: „აია-სოფიას სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ თურქეთს. ჩვენ არ გვჭირდება სხვისი რჩევა ან რეკომენდაცია საკუთარი საქმეების შესახებ“.

წმინდა სოფიას ტაძარი რომის იმპერიის დედაქალაქის, კონსტანტინოპოლის ცენტრში 324-337 წლებში შენდებოდა. ის მართლმადიდებლური ტაძარი იყო და მისი აშენება იმპერატორ კონსტანრინე პირველის სახელს უკავშირდება. 1453 წელს, როდესაც კონსტანტინოპოლი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, სულთან მეჰმედ მეორემ ტაძარი მეჩეთად გადააკეთა. ოსმალეთის იმპერიის დროს შენობის კიდეებში მინარეთები აშენდა. ამის მიუხედავად, ტაძარში დღემდე შემონახულია ქრისტიანული და მუსლიმური ეპოქის ელემენტები.

თითქმის 500 წლის განმავლობაში აია-სოფია მუსლიმებისთვის ერთ-ერთი მთავარი წმინდა ადგილი იყო. 1935 წელს, თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა სპეციალური დეკრეტით მეჩეთს მუზეუმის სტატუსი მიანიჭა. 1985 წელს UNESCO-მ ის „მსოფლიო მემკვიდრეობის“ ნუსხაში შეიტანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]