weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საკონსტიტუციო ცვლილებებს და პუტინის ვადის განულებას 77.92%-მა დაუჭირა მხარი

14:02 ხუთშაბათი, 02 ივლისი 2020

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საყოველთაო კენჭისყრის მონაწილეთა 77.92%-მა მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხოლო 21.27%-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენები და ელექტრონული კენჭისყრის შედეგები სრულად დაითვალა.

რეგიონების მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებების ყველაზე მეტი მომხრე ჩეჩნეთში ჰყავს (97.92%). შემდეგ მოდის ტუვა (96.79%) და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი (90.07%).

ამომრჩეველთა აქტივობამ 67%-ს გადააჭარბა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა ჩეჩნეთში დაფიქსირდა. 

საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ვლადიმერ პუტინს გაუნულდა პრეზიდენტობის ვადა და ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფოს პირველი პირის თანამდებობაზე 2036 წალმდე იქნეს არჩეული. კონსტიტუციის ძველი რედაქციით, რუსეთის პრეზიდენტს ამ თანამდებობაზე დარჩენა ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით შეეძლო. კონსტიტუციაში შესული ცვლილების წყალობით კი პუტინს ეს ვადები გაუნულდება, რის შედეგადაც შეძლებს საკუთარი კანდიდატურა 2024 და 2030 წლების საპრეზიდენტო არჩევნებზეც დააყენოს.

გარდა ამისა, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია, რუსული ენას მიენიჭა სახელმწიფოს შემქმნელი ენის სტატუსი, გაჩნდა ჩანაწერი ღმერთის რწმენის შესახებ და აიკრძალა „სამშობლოს დაცვაში ხალხის ღვაწლის მნიშვნელობის დაკნინება“.

პუტინმა გადაწყვიტა კონსტიტუციით განსაზღვრულიყო, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა. კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო „პატივს სცემს სამშობლოს დამცველთა ხსოვნას“ და „იცავს ისტორიულ ჭეშმარიტებას“.

ახალი კონსტიტუციით სასამართლო უფრო დამოკიდებული იქნება პრეზიდენტზე. პრეზიდენტს შეეძლება საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს წევრების, მათ შორის თავმჯდომარეების დათხოვნის ინიცირება. აქამდე პრეზიდენტს მხოლოდ მათი დანიშვნის უფლება გააჩნდა.

პუტინის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთი ვალდებული აღარ იქნება, შეასრულოს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებები.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა 7 დღე – 25 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]