weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

რუსი ოპოზიციონერი ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს – გერმანიის მთავრობა

23:19 ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვულ-პარალიტიკური მომწამლავი ნივთიერება გამოიყენეს. ალექსეი ნავალნი რუსეთიდან ბერლინში მოწამვლის სიმპტომებით 22 ივლისს ჩაიყვანეს.

„გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ალექსეი ნავალნი ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ქიმიური მომწამლავი ნივთიერებით თავდასხმის მსხვერპლი გახდა რუსეთში. ფედერალური მთავრობა კატეგორიულად გმობს ამ თავდასხმას. რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა ახსნას მომხდარი“, – განაცხადა გერმანიის მთავრობამ.

მათივე თქმით, გამოკვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან პარტნიორებს ევროკავშირსა და ნატო-ში. 

„რუსეთის ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, ფედერალური მთარობა თავის პარტნიორებთან ერთად იმსჯელებს ადექვატურ საერთო რეაქციაზე“, – აცხადებს გერმანიის მთავრობა.

ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მისი თქმით, გასაოცარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში ერთ-ერთი მთავარი იპოზიციონერის მოკვლა საწამლავის გამოყენებით სცადეს.

„ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთის ხელისუფლება გააკეთებს განცხადებას მომხდართან დაკავშირებით. ჩნდება სერიოზული კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა შეუძლია და უნდა გასცეს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებამ. 

ალექსეი ნავალნისკენ მიპყრობილია მთელი მსოფლიოს ყურადღება. მსოფლიო ელის პასუხებს. კვლევის შედეგების შესახებ ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირსა და ნატო-ში. ამას ერთად განვიხილავთ და რუსეთის პოზიციის გათვალისწინებით, გადავწყვეტთ, როგორი საერთო რეაქცია იქნება თანაზომიერი.

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ეწინააღმდეგება ძირითად უფლებებს და ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ“, – თქვა ანგელა მერკელმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ნავალნისთან დაკავშირებული სიტუაცია მედიკოსების კომპეტენციის ფარგლებში უნდა იყოს და არა პოლიტიკოსებისა.

„ჩვენ გვჭირდება ფორმულები, სამედიცინო დაწესებულებების განცხადებები, დოკუმენტური მასალები, რომლებიც უნდა გადმოგვეცეს რუსული მხარის ოფიციალურ მოთხოვნის პასუხად. ქაღალდზე დადეთ თქვენი მონაცემები, გადაეცით რუსულ მხარეს. ჩვენი საელჩო 24 საათი მუშაობს და ძალიან ელის ამ მასალებს. ყველაფერ დანარჩენს მარტივად საინფორმაციო კამპანია ჰქვია და ეს ყველაფერი უკვე გავლილი გვაქვს“, – განაცხადა ზახაროვამ.

„ნოვიჩოკი“ იქნა გამოყენებული 2018 წლის მარტში, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობის დროს. დიდმა ბრიტანეთმა მომხდარის ორგანიზებაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა, რასაც დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა. სკრიპალები საავადმყოფოდან ორ თვეში გაწერეს. მოგვიანებით, 2018 წლის ივლისში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა ბრიტანელი დონ სტერჯესი. მომწამვლელი ნივთერება აღმოჩნდა სუნამოს ფლაკონზე, რომელიც სტერჯესის მეგობარმა ქუჩაში იპოვა და მას აჩუქა. „ნოვიჩოკის“ დოზა ქალის მეგობარმაც მიიღო, თუმცა მალე გამოჯანმრთელდა.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოწამლეს, სავარაუდოდ, მანამდე, ვიდრე ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში გაფრინდებოდა. ოპოზიციონერის პრეს-მდივნის ინფორმაციით, იმ დილით, ფრენამდე ნავალნიმ მხოლოდ აეროპორტის კაფეში შეძენილი ჩაი დალია. ნავალნი შეუძლოდ ბორტზე გახდა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ქალაქ ომსკში დაეშვა. ალექსეი ნავალნი ომსკიდან ბერლინში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. თითქმის ორი დღის განმავლობაში მას რუსეთის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. ალექსეი ნავალნი ხელოვნურ კომაშია. ექიმების განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]