weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ღაზას სექტორიდან თელ-ავივი დაიბომბა – ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასს ეს ძვირი დაუჯდება

02:04 ოთხშაბათი, 12 მაისი 2021

დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, განაცხადა, რომ თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლეს. დაჯგუფების განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ღაზაში მრავალსართულიანი საცხოვრებლის დაბომბვაზე.

დაჯგუფება „ისლამურმა ჯიჰადმაც“ განაცხადა, რომ სარაკეტო იერიშების უკან ისიც დგას და „თუ მტერი გააგრძელებს საცხოვრებელი კორპუსებისა და მოქალაქეების მიზანში ამოღებას, თელ-ავივი ცეცხლის ქვეშ დარჩება“.

რაკეტების ნაწილი ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემამ მოიგერია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თელ-ავივის სამხრეთი მდებარე ქალაქ ხოლონში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 წლის ბავშვიც არის, ხოლო ქალაქ რიშონ ლეციონში ქალი დაიღუპა. სარაკეტო იერიშის გამო, დროებით დაკეტილი იყო ბენ გურიონის აეროპორტი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებისადმი მიმართვის დროს განაცხადა, რომ ტერორისტულ ჯგუფებს „ჰამასს“ და „ისლამურ ჯიჰადს“ ძვირი დაუჯდებათ ცენტრალურ ისრაელზე თავდასხმა.

ნეთანიაჰუს თქმით, ღაზას სექტორში დარტყმა უკვე განხორციელდა ასობით სამიზნეზე და თავდასხმები გაგრძელდება.

„ჩვენ გავანადგურეთ ათობით ტერორისტი, მათ შორის, მთავარი მეთაურები. დავბომბეთ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრები და დავამხეთ შენობები, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებს ემსახურებოდნენ. მთელი ძალით გავაგრძელებთ თავდასხმებს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბრძოლა გარკვეული დრო გაგრძელდება, მაგრამ „შეუპოვრობით, ერთობითა და გამძლეობით, ისრაელის ხალხისთვის უსაფრთხოებას აღადგენენ“.

თავის მხრივ, „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია ამბობს, რომ მისმა დაჯგუფებამ ისრაელთან „ახალი ძალთა ბალანსი“ შექმნა და იერუსალიმისთვის ბრძოლაში გამარჯვებას მიღწიეს.

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მეორე დღეა ცეცხლი გრძელდება. დაღუპულია სულ მცირე 30 ადამიანი.

თელ-ავივის დაბომბვის შემდეგ, ისრაელში საქართველოს საელჩომ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია.

„გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი, შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს - კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან! დაბეჯითებით გაფრთხილებთ, რომ ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი. მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები“, – მიმართავს საქართველოს საელჩო მოქალაქეებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]