weather cur horoscope tv
ივნისი 23, 2021

ისრაელში სარაკეტო თავდასხმების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა

18:37 ოთხშაბათი, 12 მაისი 2021 hits 139
ფოტოზე - ისრაელი ანტისარაკეტო სისტემით რაკეტებს ანეიტრალებს ფოტოზე - ისრაელი ანტისარაკეტო სისტემით რაკეტებს ანეიტრალებს

ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დაადასტურა.

მინისტრის თქმით, ისრაელის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

„ძალიან გვაღელვებს სიტუაცია, რომელიც შექმნილია ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა, ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომლებიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. პირველ რიგში, გვაღელვებს ბედი ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ისრაელის ტერიტორიაზე.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ სიტუაცია წავიდეს დეესკალაციის გზით და გამოინახოს შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სარაკეტო თავდასხმები და მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, მშვიდობიან გარემოში გააგრძელოს ცხოვრება. ჰქონდა ერთ ინციდენტს ადგილი ჩვენს მოქალაქესთან დაკავშირებით. მან მიიღო ძალიან მცირე დაზიანება. მინდა, დავამშვიდო ყველა, მათ შორის მისი ოჯახის წევრებიც. საელჩო არის მასთან კომუნიკაციაზე და არანაირი გართულება არ არის, არანაირი საფრთხე მის ჯანმრთელობას არ ემუქრება, ის უკვე გამოწერილია და თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა, რასაც ისრაელი ავიადარტყმებით პასუხობს. ქალაქ ლოდში ადგილობრივმა არაბებმა არეულობა მოწყეს, რის გამოც საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

კონფლიქტს ორივე მხრიდან მოჰყვა მსხვერპლი. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასი“, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე მოკლულია 43 ადამიანი, რომელთაგან 13 ბავშვია. ისრაელში სარაკეტო თავდასხმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 წლის არაბი გოგონა და მისი 52 წლის მამა. ისინი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, როცა ღაზადან ნასროლი რაკეტა მოხვდათ. მძიმედ არის დაჭრილი გარდაცვლილი მოზარდის დედა.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია.

„არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი. შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს - კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი. მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები“ , – აცხადებს საქართველოს საელჩო ისრაელში.

საელჩოში ამოქმედებულია ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრები: 0526919092 (დავით ჩაჩავა), 0528888513 (მიხეილ ბაბლუანი), 0548620270 (ნინო ჩანტლაძე). ხაზის დაზიანების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, საელჩოს „ვოთსაფის“, „ვაიბერის“ ან „მესენჯერის“ აპლიკაციებით დაუკავშირდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]