weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორმა ებრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა

16:55 შაბათი, 19 ივნისი 2021

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 18 ივნისს გაიმართა, სასამართლოს თავმჯდომარემ, ულტრაკონსერვატორმა პოლიტიკოსმა და შიიტმა სასულიერო პირმა, ებრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა. ამომრჩეველთა ხმები ბოლომდე დათვლილი არ არის, თუმცა საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, რაისიმ 28.6 მილიონი ხმიდან სულ მცირე 17.8 მილიონი მიიღო. მას გამარჯვება უკვე მიულოცა მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ.

საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობა 48% იყო, რაც ირანის ისტორიის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ებრაჰიმ რაისი ირანის სულიერ ლიდერთან აიათოლა ალი ხამენეისთან დაახლოებული პირია და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა. ის პრეზიდენტად კენჭს 2017 წელსაც იყრიდა, თუმცა მეორე ადგილზე გავიდა და გამარჯვება ჰასან რუჰანიმ მოიპოვა. რუჰანი წლევანდელ არჩევნებში აღარ მონაწილეობდა, რადგან უკვე ზედიზედ ორი ვადით ეკავა ეს თანამდებობა.

ებრაჰიმ რაისი 2019 წელს, ირანის სულიერი ლიდერის მიერ სასამართლო ხელისუფლების მეთაურად დაინიშნა, მანამდე კი გენერალური პროკურორი იყო.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები რაისის ადანაშაულებენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. საქმე ეხება 1988 წელს ირანის რეჟიმის ოპონენტების სიკვდილით დასჯაში მის მონაწილეოგბას. ებრაჰიმ რაისი ერთ-ერთი იყო იმ კომიტეტის ოთხი წევრიდან, რომელსაც პოლიტიკური პატიმრების სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოჰქონდა. მაშინ სიკვდილით რამდენიმე ათასი ადამიანი დასაჯეს. გარდა ამისა, მას ადანაშაულებენ 2019 წლის საპროტესტო გამოსვლების ჩახშობაშიც. ამის გამო, 2019 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას სანქციები დაუწესა. უფლებადამცველების ბრალდებებთან დაკავშირებით ებრაჰიმ რაისის საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

ანალიტიკოსების თქმით, არჩევნებში გამარჯვება ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ებრაჰიმ რაისი 82 წლის აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელი გახდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]