weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თალიბებმა ქაბული დაიკავეს და ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადეს

10:48 ორშაბათი, 16 აგვისტო 2021

ისლამისტური მოძრაობა თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბული დაიკავეს და პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ. მანამდე, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის სპიკერმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია და საერთაშორისო საზოგადოებასთან მშვიდობიანი ურთიერთობებისკენ მოწოდებით გამოვიდა.

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რასაც ვეძებდით, რაც არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ჩვენი ხალხის დამოუკიდებლობა. არავის მივცემთ უფლებას გამოიყენოს ჩვენი მიწები ვინმეს მიზანში ამოსაღებად და არ გვინდა ზიანი მივაყენოთ სხვას“, – ციტირებს „ალ ჯაზირა“ მუჰამედ ნაიმის განცხადებას.

„თალიბები“ დედაქალაქში 15 აგვისტოს შევიდნენ და პირველად 20 წლის განმავლობაში თითქმის მთლიანად დაამყარეს მასზე კონტროლი. ისინი კვლავ ავღანეთის ისლამური ემირატის გამოცხადებას აპირებენ.

ამერიკის შეერთებული შატატების საელჩომ აშშ-ის დროშა ჩამოხსნა და პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. საფრანგეთის, გერმანიის, კანადის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მთავრობებმა განაცხადეს, რომ საკუთარი მოქალაქეების გამოსაყვანად ავღანეთში სამხედრო თვითმფრინავებს გაგზავნიან. ქვეყნიდან წასვლას ცდილობს ათასობით ავღანელიც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება და მათ დაბრუნებაზე აქტიურად მუშაობენ.

„ავღანეთში კერძო კონტრაქტორებად მყოფი ჩვენი მოქალაქეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ. სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ავღანეთიდან ნატოს ჯარების გაყვანა 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში კონტრტერორისტული ოპერაცია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ დაიწყო. ამ წლებში დაიღუპა 3.5 ათასი დასავლელი და 65 ათასი ავღანელი ჯარისკაცი. მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია. წლების განმავლობაში ქვეყანა ორ მილიონზე მეტმა ავღანელმა დატოვა და ლტოლვილად იქცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]