weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ევროკავშირმა ვაგნერის დაჯგუფების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

11:21 სამშაბათი, 14 დეკემბერი 2021

ევროპულმა საბჭომ რუსეთში დაფუძნებული დაქირავებულ სამხედროთა დაჯგუფების, „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მიღებული შემზღუდველი ზომები ეხება თავად ვაგნერს, მასთან დაკავშირებულ რვა ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს.

ევროპული საბჭოს განცხადებით, „ვაგნერი“ ქირაობს კერძო სამხედროებს, წვრთნის მათ და გზავნის მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტის ზონებში ძალადობის გასამწვავებლად, ბუნებრივი რესურსების მისატაცებლად და ადგილობრივების დასაშინებლად. 

„ევროკავშირის მიერ დასახელებული პირები მონაწილეობენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში, მათ შორის წამებაში, სასამართლოს გარეშე, თვითნებურ სიკვდილით დასჯასა და მკვლელობებში, ან დესტაბილიზაციაში ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ლიბიაში, სირიაში, უკრაინაში (დონბასი) და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჯგუფი წარმოადგენს საფრთხეს იმ ქვეყნებში მცხოვრები ხალხისთვის, სადაც მისი წევრები იმყოფებიან, ფართოდ რეგიონისთვის და ევროკავშირისთვის“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

სანქცირებულთა სიაში შეყვანილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ევროკავშირში ანგარიშები დაუყადაღდებათ, აიკრძალება პირდაპირ ან ირიბად მათი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, სანქცირებული პირები ვერ შეძლებენ ევროკავშირში მოგზაურობას. 

სანქცირებულ ფიზიკურ პირებს შორის არიან: ალექსანდრ კუზნეცოვი, დმიტრი უტკინი, დენის ხარიტონოვი, სერგეი შჩერბაკოვი, ანდრეი ტროშევი, ანდრეი ბოგატოვი, სტანისლავ დიჩკო, ვალერი ზახაროვი. 

ევროკავშირის ინფორმაციით, დმიტრი უტკინი, რომელიც რუსეთის დაზვერვის (GRU) ყოფილი ოფიცერია, „ვაგნერის ჯგუფის“ დამფუძნებელია. ის პასუხისმგებელია უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების განთავსების ოპერაციის დაგეგმვასა და კოორდინაციაზე. ევროკავშირი უტკინს აკისრებს პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, მათ შორის წამებასა და ადამიანების თვითნებურ მკვლელობაზე.

„უტკინი თავადაც მონაწილეობდა 2017 წელს სირიაში ერთ-ერთი დეზერტირის წამებასა და მკვლელობაში, რასაც ვიდეოკამერით იღებდა. უტკინი, როგორც ვაგნერის ჯგუფის ხელმძღვანელი პირი, პასუხისმგებელია ქმედებებზე, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – აცხადებს ევროკავშირი.

სანქცირებულთა შორის მოხვედრილები ყოფილი სამართალდამცველები და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) თანამშრომლები არიან. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]