weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

უკრაინის ქალაქ ირპენში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს

19:37 კვირა, 13 მარტი 2022

კიევის ოლქის ქალაქ ირპენში ამერიკელი ჟურნალისტი, 51 წლის ბრენტ რენო მოკლეს. მას თან The New York Times-ის ჟურნალისტის მოწმობა ჰქონდა. გარდა ამისა, დაჭრეს რენოსთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტი. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ უცხოელი ჟურნალისტები რუსი სამხედროების სამიზნე გახდნენ.

„ოკუპანტები ცინიკურად კლავენ საერთაშორისო მედიების ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც ცდილობენ აჩვენონ სიმართლე უკრაინაში რუსული ჯარების სისასტიკის შესახებ. მსოფლიოში ცნობილი New York Times-ის 51 წლის კორესპონდენტს დღეს ირპენში ესროლეს“ – განაცხადა გერაშენკომ.

New York Times-ის რედაქტორის მოადგილემ, კლიფ ლევიმ ოფიციალურ განცხადებაში მწუხარება გამოთქვა ბრენტ რენოს გარდაცვალების გამო. როგორც მან აღნიშნა, New York Times-ი რენოსთან წარსულში (ბოლოს 2015 წელს) თანამშრომლობდა, თუმცა ის არასოდეს ყოფილა გამოცემის შტატში და უკრაინაში New York Times-ის რედაქციის დავალებით არ იმყოფებოდა, ხოლო პრეს-ბარათს, რომელიც თან ჰქონდა, ვადა მრავალი წლის წინ გაუვიდა.

„ბრენტის სიკვდილი საშინელი დანაკლისია. მისი მსგავსი მამაცი ჟურნალისტები უზარმაზარ რისკებს წევენ, რათა ნახონ და მსოფლიოს უამბონ იმ ნგრევისა და ტანჯვის შესახებ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია“, – დაწერა კლიფ ლევიმ Twitter-ზე.

უკრაინული გამოცემა Unian-ი დაჭრილი ჟურნალისტის კომენტარს ავრცელებს:

„ირპენში, კოლეგასთან ერთად პირველი ხიდი გავიარეთ, ვცდილობდით მეორემდე მისვლას, რათა ლტოლვილების გადაადგილება გადაგვეღო. ვიღაც დაგვთანხმდა ხიდამდე მანქანით მიყვანაზე, ჩავსხედით და ჩვენი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. მძღოლმა მანქანა შემოაბრუნა იქაურობას რომ გასცლოდა და ამ დროს დავიჭერი. დავინახე, რომ ჩემი მეგობარი ბრენტ რენოც დაჭრეს, კისერში. ამის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით, არ ვიცი, რა მოუვიდა, აქ მე „სასწრაფომ“ მომიყვანა“, – ამბობს დაჭრილი.

ჯერჯერობით უცნობია, ბრენტ რენო უკრაინაში რომელიმე რედაქციის მიერ იყო გაგზავნილი თუ დამოუკიდებლად მუშაობდა.

განახლება: გაირკვა, რომ ჟურნალისტი და დოკუმენტალისტი ბრენტ რენო ამერიკულ ჟურნალ Time-სთვის მუშაობდა და ლტოლვილების შესახებ მასალას ამზადებდა. ამის შესახებ Time-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„ჩვენ განადგურებულნი ვართ ბრენტ რენოს დაკარგვით. როგორც ჯილდოს მფლობელი კინორეჟისორი და ჟურნალისტი, ბრენტი თავის ძმასთან, კრეიგ რენოსთან ერთად, ხშირად მუშაობდა უმძიმეს ამბებზე მთელს მსოფლიოში. ბოლო კვირების განმავლობაში ბრენტი იმყოფებოდა რეგიონში, მუშაობდა TIME Studios-ის პროექტზე, რომელიც ფოკუსირებულია ლტოლვილთა გლობალურ კრიზისზე“.

Time-ი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს შეეძლოთ უსაფრთხოდ გააშუქონ უკრაინაში მიმდინარე ომი და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]