weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სმოლენსკის კატასტროფის მიზეზი რუსეთის ჩარევა გახდა, თვითმფრინავში აფეთქება იყო – მაცერევიჩი

12:47 სამშაბათი, 12 აპრილი 2022

2010 წლის 10 აპრილს მომხდარი სმოლენსკის ავიაკატასტროფის მიზეზების შესასწავლად ხელახლა შექმნილმა ქვეკომიტეტმა ანგარიში წარადგინა. როგორც 11 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა და პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანტონ მაცერევიჩმა განაცხადა, სამთავრობო თვითმფრინავის, Tu 154M-ის ავარიის უკან რუსეთი დგას.

მაცერევიჩის თქმით, Tu 154M-ის ეკიპაჟმა სწორად შეასრულა სმოლენსკის აეროპორტში დაშვების ყველა პროცედურა და მასალა, რომელიც ეკიპაჟის შეცდომებზე მიუთითებდა, მნიშვნელოვანწილად გაყალბებული იყო - ხმის ჩანაწერზე ჩარევის უამრავი კვალი აღმოჩნდა.

ქვეკომიტეტის ანგარიშის მიხედვით, ავარიის მიზეზი გახდა აფეთქება მარცხენა ფრთაში. ამის შემდეგ მოხდა კიდევ ერთი აფეთქება მიწიდან რამდენიმე მეტრზე, რომელმაც გაანადგურა მთელი თვითმფრინავი და დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ხელმძღვანელობდა.

„რუსეთის ჩარევის მთავარი და უდავო მტკიცებულებაა აფეთქება მარცხენა ფრთაში, რაც მოხდა 100 მეტრამდე, ვიდრე თვითმფრინავი არყის ხეებამდე მივიდოდა. იმ ტერიტორიაზე არ იყო მაღალი ხეები ან ისეთი ბარიერები, რაც თვითმფრინავს საფრთხეს შეუქმნიდა“,განაცხადა მაცერევიჩმა.

გარდა ამისა, დასკვნაში მომხდარის გამომწვევ მიზეზებს შორის დასახელებულია რიგი წინასწარგანზრახული ქმედებები რუსი ავიადისპეჩერების მხრიდან, რომლებმაც პოლონეთის თვითმფრინავის ეკიპაჟს დაშვების ადგილთან დაკავშირებით არასწორი და ცრუ ცნობები მიაწოდეს.

„დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსული მხარის ქმედებებს, რომლებიც მიმართული იყო Tu 154M -ის სმოლენსკის აეროპორტში დაშვების თავიდან აცილებისკენ, მათ შორის სარეზერვო აეროპორტების შეცვლა წინა დღეს, პოლონელი პილოტების გაფრთხილების გარეშე“.

ქვეკომიტეტის მუშაობის ამოსავალი წერტილი იყო Tu-154M-ის კაპიტალური რემონტის შესახებ გადაწყვეტილების ანალიზი, შემდეგ კი კატინში, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით პოლონეთის დელეგაციის ვიზიტისთვის მზადება.

ანტონ მაცერევიჩის თქმით, თვითმფრინავში თერმობარიული ჭურვი აფეთქდა და საგამოძიებო ორგანოების გამოსაძიებელია, საიდან აღმოჩნდა ასეთი ტვირთი თვითმფრინავში.

მაცერევიჩის განცხადებით, თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობის მოთავსების შესაძლებლობები არსებობდა, რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ თვითფრინავი კაპიტალური რემონტისთვის რუსულ კომპანია Aviakor-ს ჰქონდა გადაცემული. ქვეკომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს დაწესებულება რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლქვეშ იყო.

ანტონ მაცერევიჩმა განაცხადა, რომ ქვეკომიტეტის ანგარიში შესაძლოა გახდეს საერთაშორისო არენაზე მოქმედებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის წარდგენის საფუძველი.

კვეკომიტეტის ანგარიშით ბათილად იქნა ცნობილი 2011 წელს გამოქვეყნებული დასკვნა, რომელშიც მითითებული იყო, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის დასაშვებზე დაბლა დაშვება და ხეებთან შეჯახება გახდა, რამაც ხომალდის კონსტრუქციის განადგურება გამოიწვია. მაცერევიჩი მიიჩნევს, რომ ეს დასკვნა ყალბი მასალებისა და პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე იყო მომზადებული.

2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები კატინში, 1940 წელს საბჭოთა საიდუმლო სამსახურების მიერ დახოცილი პოლონელი ოფიცრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიემგზავრებოდნენ. თვითმფრინავი რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]