weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთს მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება – მედვედევი NATO-ში ფინეთისა და შვედეთის შესვლაზე

18:40 ხუთშაბათი, 14 აპრილი 2022

„შესაძლოა, ძალიან მალე, კერძოდ, ამ წლის ზაფხულისთვის, მსოფლიო კიდევ უფრო „უსაფრთხო“ გახდეს“, – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი NATO-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხს.

მედვედევმა განმარტა, რას ნიშნავს ამ ორი ნეიტრალური სახელმწიფოს ალიანსში ინტეგრაცია რუსეთისთვის.

„რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ეყოლება მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთი „ემოციების გარეშე, ცივი თავით“ იმოქმედებს.

„ჩვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია, რამდენი ქვეყანა იქნება NATO-ში – 30 თუ 32. ორით ნაკლები, ორით მეტი – მათი მნიშვნელობისა და მოსახლეობის გათვალისწინებით, დიდი განსხვავება რა არის.

სხვა საქმეა, რომ თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შევლენ, რუსეთის ფედერაციასთან ალიანსის სახმელეთო საზღვრების სიგრძე ორჯერ მეტად გაიზრდება. ბუნებრივია, რომ მოგვიწევს ამ საზღვრების დაცვა, სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ფინეთის ყურის აკვატორიაში მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო ძალების განთავსება.

ასეთ შემთხვევაში, უკვე ვეღარ იქნება საუბარი ბალტიის ქვეყნების რაიმე არაბირთვულ სტატუსზე – ბალანსი უნდა აღდგეს. დღემდე რუსეთი ასეთი ზომების მიღებაზე არ მიდიოდა და არც აპირებდა წასვლას. თუ გვაიძულებენ, მაშინ, რას ვიზამთ. როგორც ერთი ძველი ცნობილი ფილმის გმირი იტყოდა: „გაითვალისწინეთ, რომ ეს ჩვენ არ შემოგვითავაზებია“, – ამბობს მედვედევი.

მისივე თქმით, შვედეთისა და ფინეთის „ალიანსში შეთრევის მცდელობები ადრეც ყოფილა“. მედვედევი აღნიშნავს, რომ რუსეთს ამ ქვეყნებთან არ აქვს ტერიტორიული დავა, როგორც უკრაინასთან.

„ასე რომ, ასეთი წევრობის ფასი ჩვენთვის განსხვავებულია“, – აღნიშნავს მედვედევი.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ, 13 აპრილს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე შვედეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებმა NATO-ში გაწევრიანებაზე ისაუბრეს. მათი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ სრულიად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტი. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანნა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული ვადები არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება: „უახლოეს კვირებში და არა თვეებში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]