weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„აზოვსტალიდან“ დაახლოებით 100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

11:17 ორშაბათი, 02 მაისი 2022

„დღეს როგორც იქნა მოვახერხეთ „აზოვსტალიდან“ ხალხის ევაკუაცია – მრავალკვირიანი მოლაპარაკებების, მრავალი მცდელობის, სხვადასხვა შეხვედრების, მოწოდებების, ქვეყნების მონაწილეობისა და წინადადებების შემდეგ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 მაისს, დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „აზოვსტალიდან“ გამოყვანილია ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

„დღეს, ომის განმავლობაში პირველად, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დერეფანი ამუშავდა. პირველად მოხდა, რომ ორი დღე-ღამის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ცეცხლი შეწყდა. მოვახერხეთ ასზე მეტი მოქალაქის, პირველ რიგში ქალებისა და ბავშვების გამოყვანა, რომლებიც „აზოვსტალში“ აფარებდნენ თავს საბრძოლო მოქმედებებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პროცესის სირთული გათვალისწინებით, პირველი ევაკუირებულები ზაპოროჟიეში ჩავლენ.

„ვიმედოვნებ, რომ ხვალ ასევე დაცული იქნება ყველა საჭირო პირობა, რათა გაგრძელდეს მარიუპოლიდან ხალხის გაყვანა. დილის 8 საათზე ვგეგმავთ დაწყებას... ყველაფერის გავაკეთებთ, რომ „აზოვსტალიდან“, მთლიანად მარიუპოლიდან ჩვენი ხალხის ევაკუაცია შევძლოთ. ასეთი ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის ერთ-ერთი ელემენტია. ძალიან რთულია, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს, შესაძლებელი გახდა საბრძოლო მოქმედებების რაიონებში 350 000-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია გაეროსა და „წითელი ჯვრის“ მხარდაჭერით განხორციელდა. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან შევძელით 80 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების გამოყვანა, რომლებიც უკრაინელ ნაციონალისტებს ჰყავდათ აყვანილი. რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და დონეცკის სახალხო მილიციის ნაწილებმა გახსნეს ჰუმანიტარული დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციისთვის და უზრუნველყოფილი იქნა დუმილის რეჟიმი“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, ევაკუირებული მოქალაქეები დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში გადაიყვანეს.

უკრაინის ხელისუფლება და „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით ათასი სამოქალაქო პირი და 500 დაჭრილი სამხედრო იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]